პარტნიორები თავდაცვაში, ვაჭრობაში, ახლა უკვე ტექნოლოგიებშიც – აშშ და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებენ.
ჩეკერზში ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის აგარაკზე დონალდ ტრამპთან ერთად ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო დატვირთვის ბირთვული ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ დიდ ბრიტანეთში ჩასულ აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად მრავლად იყვნენ Microsoft-ის, Open AI-ს, Google-სა და სხვა კორპორაციების ლიდერებიც. ამ ისტორიული ინვესტიციის ღირებულება 42 მილიარდი დოლარია – 31 მილიარდი გირვანქა სტერლინგი. ამბიცია მაღალია – ანგლო-ამერიკულ ერთობას სურს, ტექნოლოგიურ ეპოქაში დომინანტის როლი დაიკავოს და ამ მხრივ მეტოქეები უკან ჩამოიტოვოს.
„ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში ბევრი რამაა საზეიმო. ომსა და მშვიდობაში ერთად დგომა საფუძველია ჩვენი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის. ეს ყველაფერი კი დგას ურთიერთპატივისცემასა და უნიკალურ ურთიერთობაზე – იქნება ეს თავდაცვა, ჩვენს ხალხს შორის კავშირები, ბიზნესი თუ სხვა. დღეს გარდამტეხ და რეკორდულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს. ეს უდიდესი საინვესტიციო პაკეტია დიდი ბრიტანეთის ისტორიაში და მადლობა თქვენი მონაწილეობისთვის მასში. ესაა ათასობით დასაქმებული ადამიანი ჩვენს ქვეყანაში – ბრიტანულ იდეებთან შერწყმული ამერიკული ანტერპრენარული სული.
აშშ-ის შემდეგ დასავლეთში ჩვენ გვაქვს ერთადერთი ტრილიონდოლარიანი ტექნოლოგიური სექტორი, ეს მოგვაქვს მაგიდაზე და ამით ამაყები ვართ. ჩვენ ამ ურთიერთობით ორივე ვიღებთ სარგებელს. პრეზიდენტის პირველი სავაჭრო გარიგება სწორედ ჩვენთან შედგა და ეს იყო წარმატება. ჩვენ ყველაზე დაბალი ტარიფები შეგვეხო მსოფლიოში, ამის მიღწევა რთული იყო, მაგრამ ამას ჰქონდა მიზეზი – ესაა მოგება ორივე მხარისთვის – ერთად მუშაობით მეტის მოტანა შეგვიძლია მშრომელი ადამიანებისთვის.
ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ და დღეს კიდევ უფრო წინ მივდივართ. ჩვენ ხელს ვაწერთ ახალ ტექნოლოგიურ პარტნიორობას, „ტექნოლოგიური კეთილდღეობის გარიგებას”, რომელიც განსაზღვრულია იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ ამ ახალ ეპოქაში. ერთად, ერთიანი ღირებულებებით ვეჭიდებით წარმოუდგენელ შესაძლებლობებს – მადლობას გიხდით ამ იდეის მხარდაჭერისთვის. რაღა თქმა უნდა, ტექნოლოგიას სჭირდება ენერგია,ასე რომ ამ რევოლუციის გასამყარებლად ვდებთ ახალ შეთანხმებას სამოქალაქო დატვირთვის ბირთვული ენერგიის მიმართულებით – გენერირებული ენერგია მოემსახურება მილიონობით სახლსა და ბიზნესს, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს”, – აღნიშნა დოკუმენტის ხელმოწერისას დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი შეუფასებელია – დღეს კი ის კიდევ უფრო გაძლიერდა. ეს გაუტეხელი კავშირია. გმადლობ პრემიერ-მინისტრს ამ შეთანხმებისთვის, მან მართლაც ბევრი იმუშავა. ანგლო-ამერიკულ ალიანსში ინვესტიცია მნიშვნელოვანია, ამ მხრივ მორიგი ლოგიკური ნაბიჯი გადავდგით ტექნოლოგიურ სექტორში. ინვესტიცია ჩვენ, აშშ-სა და ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებს დაგვეხმარება ხელოვნური ინტელექტის მომავალში დომინირებისთვის, იგივე ეხება ენერგეტიკას. ჩვენ ერთად დიდ ბიზნესს ვაკეთებთ. დიდი ბრიტანეთი იყო პირველი, ვისთანაც სავაჭრო გარიგება დავდეთ, რის შედეგადაც მილიონობით ამერიკელი შეძლებს დიდ ბრიტანეთში საკუთარი პროდუქციის გაყიდვას. თქვენ ყოველთვის იქნებით აშშ-სთვის ყველაზე ძლიერი, ახლო და ყველაზე სანდო ბიზნესპარტნიორი. ეს ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ორმხრივ ურთიერთობებს ვაშინგტონშიც ისე აღმატებულად აფასებენ, როგორც ლონდონში. ამის მაგალითი იყო უინძორის სასახლეში გამართული საზეიმო მიღება, რომელიც ამერიკელ სტუმრებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, მიეძღვნა. უფრო მეტად კი მიეძღვნა ორი ქვეყნის ისტორიულ ძმობას, იმ მემკვიდრეობას, რაც მათ ერთმანეთსა და მსოფლიოს გაუზიარეს. დიდი ბრიტანეთის მეფე და დედოფალი, უელსის პრინცი და პრინცესა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრები, მინისტრები და მდივნები ერთ სუფრასთან ისტორიული მეგობრობის სადღეგრძელოს სვამდნენ.
„ეს უნიკალური და მნიშვნელოვანი შემთხვევა ასახავს გამძლე კავშირს ჩვენს ერებს შორის და უძღვება ღრმა მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის. ეს ურთიერთობები სწორად ფასდებოდა „განსაკუთრებულად” ჩვენი წინაპრების მიერ და მან გაგვხადა უფრო ძლიერი და უსაფრთხო თაობების განმავლობაში. ადამიანებმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირეს იმ იდეებს, რომლებსაც ძვირფასს ვეძახით – ერთად ვზეიმობდით და ვგლოვობდით. განსაკუთრებულია ის, თუ რამდენად შორს წავედით. შესაძლოა ოკეანე კვლავ გვყოფდეს, მაგრამ ახლა ყველაზე ახლო კავშირი ვართ.
ჩვენ გვაერთიანებს საერთო ენა და საერთო მემკვიდრეობა. ორი მსოფლიო ომი ერთად ვიბრძოლეთ, რომ დაგვემარცხებინა ტირანია. დღეს, როდესაც ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა შევაჩეროთ აგრესია და დავიცვათ მშვიდობა. ჩვენი ქვეყნები ერთად მუშაობენ მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელთაგანაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პირადი ერთგულება, იპოვოთ გადაწყვეტილებები მსოფლიოს ყველაზე რთული კონფლიქტების გადაჭრისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, – თქვა საზეიმო წვეულებაზე დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მა.
„აქ ყოფნა ნამდვილადაა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივი, დიდ პატივისცემას გამოვხატავ თქვენი და თქვენი ქვეყნის მიმართ. ამ სამეფომ დაამარცხა ნაპოლეონი, საფუძველი დაუდო ინდუსტრიულ რევოლუციას, გაანადგურა მონობა და დაიცვა ცივილიზაცია ფაშიზმისა და კომუნიზმის უბნელეს დღეებში. ამ სამეფოს სამართლებრივი, ინტელექტუალური, კულტურული და პოლიტიკური ტრადიციები კაცობრიობის უმაღლეს მიღწევებს შორისაა.
მსგავსი არასდროს არავის შეუქმნია. ბრიტანეთის იმპერიამ საფუძველი დაუდო კანონის უზენაესობას, თავისუფლებას, თავისუფალ სიტყვას, ინდივიდუალურ უფლებებს ყველგან, სადაც მისი დროშა აფრიალდა, მათ შორის ადგილას სახელად ამერიკა. ჩვენ ვართ ორი ნოტი ერთ აკორდში და ორი სტროფი ერთ პოემაში, ორივე თავისებურად ლამაზი, თუმცა ერთად გასაჟღერებელი.
ჩვენი კავშირი შეუცვლელი და გაუტეხავია. ერთად მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენ კაცობრიობისთვის უფრო მეტი სიკეთე გაგვიკეთებია, ვიდრე რომელიმე ორ ქვეყანას. ერთად უნდა დავიცვათ ის განსაკუთრებული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქცევს იმად, ვინც ვართ”, – თქვა დონალდ ტრამპმა სიტყვის წარმოთქმისას.
სამეფო ოჯახისგან განსხვავებით პროტესტით დახვდა ტრამპს ლონდონელების ნაწილი, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებული აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკით მრავალფეროვნების, მიგრაციის, პალესტინისა თუ სხვა საკითხებთან მიმართებით. მათ ლონდონის ცენტრში საპროტესტო აქცია მოაწყვეს და დონალდ ტრამპს სექსუალურ ტრეფიკინგში დამნაშავე ჯეფრი ეფშტეინთან მეგობრობაც შეახსენეს. თუმცა იყვნენ ისეთები, რომლებმაც დონალდ ტრამპის დასანახად უინძორის სასახლის წინ საათობით დგომა არჩია, რათა მისი პოლიტიკური ხედვებისთვის მხარდაჭერა გამოეთქვა.
აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის რჩება საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელია – მხარეები ვერ თანხმდებიან პალესტინის აღიარებაზე – დიდ ბრიტანეთს სხვა ვალდებულებები აკავშირებს პალესტინელ ხალხთან, ამერიკას კი ისრაელელებთან. უკრაინასთან დაკავშირებით კი აშშ-ის პრეზიდენტი მეტად არაპროგნოზირებადია, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ლიდერი, რომელიც საფრანგეთთან ერთად „მსურველთა კოალიციას” უდგას სათავეში. ეს ყველაფერი არაა, თუმცა ამაზე მაღლა ორი ქვეყნის დედაქალაქებში ერთმანეთთან ისტორიულ მეგობრობას აყენებენ.
„მეგობრები სამუდამოდ” – ასე შეაფასა დონალდ ტრამპმა აშშ-ის დიდ ბრიტანეთთან კავშირი.