მთავარიევროპაპოლონეთი„რკინის მცველი-25" - სამხედრო წვრთნები პოლონეთში

„რკინის მცველი-25″ – სამხედრო წვრთნები პოლონეთში

პოლონეთში რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების საპასუხოდ მასშტაბური სამხედრო სწავლება იმართება, კოდური სახელწოდებით „რკინის მცველი -25″. ქვეყნისთვის წლის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში პოლონეთის არმიისა და NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოების 30 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 600 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის ტანკები, ჯავშანტექნიკა, არტილერია და თვითმფრინავები მონაწილეობს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მანევრები თავდაცვითი ხასიათისაა, თუმცა აღნიშნეს, რომ ისინი იმავე პერიოდში ჩატარებული რუსეთ-ბელარუსის მასშტაბური სამხედრო წვრთნების, „დასავლეთი 25-ის“, საპასუხოდ იმართება.

„მიზანი, რომელიც დავსახე, დაკავშირებული იყო რუსეთ-ბელარუსის წვრთნებთან. ეს არის ჩვენი მზადყოფნის დემონსტრირება იმ შემთხვევაში, თუ წინა წვრთნების მსგავსად, ისიც სხვადასხვა პროვოკაციაში გადაიზრდება. ამან თავის მხრივ, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი თავდაცვითი ომი უკრაინის ომს დაემსგავსოს, არ გვსურს მსგავსი შედეგები. ეს ომი უნდა მოვიგოთ, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ბრძოლის მოდელირება“, – აცხადებს გენერალი, პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი ვიესლავ კუკულა.

წვრთნებში პოლონეთის სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, სპეციალური დანიშნულებისა და ტერიტორიული თავდაცვის ძალები მონაწილეობდნენ.

NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, თითქმის 600 ერთეული მძიმე ტექნიკა განლაგდა, მათ შორის ტანკები, ჯავშანტექნიკა, არტილერია და თვითმფრინავები. წვრთნების დროს გამოიცდება მობილურობა, ლოგისტიკა და მრავალშრიანი თავდაცვითი კამპანიის სიმულაციის სცენარებში მოქმედი სამეთაურო სისტემები.

„ჩვენი წვრთნები არის თავდაცვითი ხასიათის. ეს არ არის პროვოკაცია.  ეს არის თავდაცვითი მანევრები და ჩვენ გავაგრძელებთ ამ სწავლებას. მანევრები ასევე მიზნად ისახავს იმ ადამიანების შეკავებას, რომლებიც პოლონეთზე თავდასხმას აპირებენ. ჩვენ გვჭირდება ეს ძალა იმის უზრუნველსაყოფად,  რომ არავის  ჰქონდეს ცდუნება, პოლონეთს ან თუნდაც ნატოს ნებისმიერ სხვა ქვეყანას თავს დაესხას“, – ამბობს პოლონეთის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში.

სამხედრო სწავლების ჩატარების დრო მიანიშნებს აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების მხრივ, მზარდ შეშფოთებაზე, რადგან რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინაში და აძლიერებს კოორდინაციას ბელარუსთან.

პოლონეთი, NATO-ს წინა ხაზის მთავარი სახელმწიფო, მოკავშირეებს მოუწოდებს, თავიანთი საზღვრის გასწვრივ უფრო მრავალრიცხოვანი ჯარები განალაგონ და ჩადონ ინვესტიციები სარაკეტო თავდაცვასა და ინფრასტრუქტურაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend