ლინდონ ნერი კვლავ თბილისშია… თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული არქიტექტორი, სტუდია Neri&Hu-ს დამფუძნებელი, სასტუმრო „ტელეგრაფის“ ერთ-ერთ დარბაზში იჯდა და თავის გამოცდილებაზე ესაუბრებოდა აუდიტორიას…
როგორ გაცოცხლდა შესანიშნავი, მაგრამ ფუნქციადაკარგული არქიტექტურის ძეგლი. როგორ გახდა იგი თანამედროვე, მყუდრო და სიცოცხლით სავსე. აი, ამას უამბობდა დაინტერესებულ აუდიტორიას არქიტექტორი და დიზაინერი, ლინდონ ნერი. ეს გზა არქიტექტორმა და მისმა სტუდიამ ქართველებთან ერთად გაიარა. მათთან ერთად გადიოდა მძიმე შრომითა და ფიქრით დატვირთული დღეები, და აი, ფოსტის შენობა, ბრწყინვალე სასტუმრო „ტელეგრაფად“ გადაიქცა.
Neri&Hu-მ silk development-თან ერთად შექმნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“ – პირველი სასტუმრო რეგიონში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციის The Leading Hotels of The World-ის წევრია.
თავად ლინდონ ნერი ამბობს, რომ სასტუმრო „ტელეგრაფი“ – ეს მთელი ქალაქია ერთ შენობაში – თანაც ურთიერთობისა და აზრების გაცვლისათვის შექმნილი ქალაქი.
„ეს სასტუმრო საკმაოდ საინტერესოა იმით, რომ იგი შექმნილია, როგორც საჯარო სივრცე – ქალაქი შენობაში. აქ შეგიძლიათ, ნახოთ ბიბლიოთეკა, ეზო, რამდენიმე რესტორანი, ბარი… მრავალი თვალსაზრისით, ეს პატარა ქალაქია ერთ შენობაში. ეს კონცეფცია ცოტათი განსხვავებულია, სივრცე გახსნილია, რადგან აქ ადრე ფოსტა იყო – თბილისის სოციალური ქსელის ნაწილი. ეს მხოლოდ სასტუმრო არ არის. ეს არის ადგილი, სადაც საზოგადოება იკრიბება, სადაც ურთიერთობა, კომუნიკაცია და დიალოგია. სასტუმროს შექმნის პროცესში ვცდილობდით, რომ ეს უფრო მეტი ყოფილიყო, ვიდრე უბრალოდ სასტუმრო – ყოფილიყო საჯარო ფორუმი, ადგილი საზოგადოებრივი დიალოგისა და მსჯელობისთვის.
ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ ცოცხლდება ეს პროექტი. გულით მჯერა, რომ ეს მხოლოდ უახლოესი ორი დღე არ იქნება. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია – ახალი ენერგიის დასაწყისი. ეს შენობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო, ახლა იბრუნებს სიცოცხლეს, რათა ეს ენერგია ახალ თაობას მისცეს.
ჩვენი პარტნიორობა „სილქ როუდთან“, გიორგისა და მისი გუნდის არაერთ წევრთან, მართლაც, გამორჩეული იყო. მათ ნამდვილად უნდოდათ ჩვენთვის მოესმინათ, მოესმინათ ჩვენი წარმოუდგენელი იდეები, და რაც მთავარია, რეალობად ექციათ ბევრი ისეთი იდეა, რომელიც შეუძლებლად მიგვაჩნდა. ამიტომ მაქვს იმედი და ვისწრაფვით იმისკენ, რომ ეს ჯადოსნური ადგილი თბილისის კულტურის ცენტრად გადაიქცევა“, – ამბობს ლინდონ ნერი, Neri & Hu-ს თანადამფუძნებელი.
ახლა Neri&Hu-ს ეს კონცეპტუალური პროექტი უკვე რეალობაა. ისევე, როგორც ამ სახელოსნოს სხვა პროექტები მთელ მსოფლიოში. ლინდონ ნერის არქიტექტურული სახელოსნოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მისია, იმ ხალხთან ერთად, ვინც ამ პროექტზე ოთხი წლის განმავლობაში იმუშავა, ნამდვილად შესრულებულია.
„დასრულდა ხანგრძლივი გზა, რომელიც თითქმის ოთხი წლის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ამ პროექტზე ვფიქრობდით და კლიენტთან ერთად ბევრს ვმუშაობდით. განსაკუთრებით ამაღელვებელი ისაა, რომ ვხედავთ, როგორ იქცევა ჩვენი იდეა რეალობად. ხედვა, რომელიც თავიდან გვქონდა ამ პროექტთან დაკავშირებით და რომლის შესახებ ლინდონ ნერიმაც ისაუბრა, ამ განსაკუთრებული შენობის ქალაქის ახალ სივრცედ გადაქცევა იყო – ისეთ ადგილად გადაქცევა, სადაც ხალხი შეიკრიბებოდა, ცხოვრებით ისიამოვნებდა, ისაუბრებდა და მოსაზრებებს გაცვლიდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ ვართ და ვხედავთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი ყოველდღიურად – სასტუმრო მუდამ ხალხით სავსეა, აქ უამრავი ადამიანია. ეს გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი მისია შესრულებულია და ეს ძალიან გვახარებს“, – ამბობს ფედერიკო სარალვო, Neri & Hu-ს წამყვანი არქიტექტორი.
„ბატონი გიორგი რამიშვილისა და silk development-ის მოწვევით დღეს „ტელეგრაფში“ ლინდონ ნერის ვმასპინძლობთ. იგი Neri & Hu-ს დამფუძნებელია, „ტელეგრაფის“ პროექტის ავტორია – როგორც რეკონსტრუქციის, ისე დიზაინის ნაწილში. მათ ძალიან დიდი შრომა გაწიეს, დიდი რუდუნებით მიუდგნენ თითოეულ დეტალს ამ პროექტში, რათა შენობისთვის პირვანდელი იერსახე შეენარჩუნებინათ. „ტელეგრაფის“ შენობა თბილისის ისტორიის ნაწილია. ამიტომ მათი შრომა და ჩართულობა ამ პროექტში ძალიან დასაფასებელია“, – ამბობს მედეა ქირია, silk development-ის არქიტექტორი, დიზაინ-მენეჯერი.
Neri&Hu ლინდონ ნერიმ და როზანა ჰუმ შანხაიში დააარსეს. ამ სტუდიას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არაერთი ისტორიული შენობისთვის მიუნიჭებია ახალი სიცოცხლე და არაერთი ჯილდოც მიუღია წარსულისა და აწმყოს ოსტატურად დაკავშირებისთვის.
ასეთია „ტელეგრაფის“ ამბავიც. ყოფილი ცენტრალური ფოსტის პროექტი ცნობილ ქართველ არქიტექტორებს – ლადო ალექსი-მესხიშვილსა და თეიმურაზ მიქაშავიძეს ეკუთვნით. შენობის ეს მეტად საინტერესო, ისტორიული იერსახე უცვლელია. ფასადს მიღმა კი, თავად ლინდონ ნერის სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე სასტუმროს სტუმრებს მყუდრო და დახვეწილი ქალაქი ელოდებათ.

