ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა და მსოფლიოს წამყვანმა კორპორაციული აპლიკაციების პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელმა კომპანიამ, SAP-მა, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს.
ნიუ ვიჟენი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც SAP-ის პარტნიორი უნივერსიტეტი გახდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს, აღჭურვოს მომავალი ბიზნესლიდერები ისეთი თანამედროვე ციფრული უნარებითა და პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რომლებსაც გლობალური კომპანიები იყენებენ. პარტნიორობის ფარგლებში ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის პერსონალი გაივლის SAP-ის სპეციალურ ტრენინგებს, რაც მათ საშუალებას მისცემს SAP-ის პროდუქტები თავიანთ სასწავლო პროგრამებში დანერგონ. სტუდენტები იმუშავებენ SAP-ის ბიზნესაპლიკაციებთან, მათ შორის საწარმოს რესურსების დაგეგმვის, ფინანსების, მონაცემთა ანალიზისა და ციფრული ტრანსფორმაციის მოდულებთან.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ბარკალაია ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა უნივერსიტეტის სტუდენტებს უკეთ მოამზადებს და ისინი თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
„დღეს ჩვენსა და SAP-ს შორის ურთიერთთანამშრომლობა გამოვაცხადეთ. SAP მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT კომპანიაა. ჩვენი უნივერსიტეტის მეშვეობით შევძლებთ, ჩვენს სტუდენტებს კარი გავუხსნათ მსოფლიო მასშტაბის კომპანიებთან, როგორც საქმიანი ურთიერთობების მხრივ, ისე ისწავლიან და გაეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკებს, ჩაერთვებიან SAP-ის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებში, მიიღებენ ცოდნას, როგორც ქართული ისე საერთაშორისო რეალობიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე გვესტუმრებიან SAP-ის წევრი უნივერსიტეტის პროფესორები, წამყვანი სპეციალისტები, მსოფლიოში ცნობადი ხალხი, რომელიც ჩვენს სტუდენტებს მიცემს და გაუზიარებს ცოდნას,“ – ამბობს ნიუ ვიჟენის რექტორი გიორგი ბარკალაია.
SAP University Alliance-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მენეჯერის, იური კუპრიანოვის თქმით, პარტნიორობის ფარგლებში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს წვდომა ექნება SAP-ის უნივერსიტეტების ალიანსის სასწავლო მასალებზე.
„ასევე შეთანხმება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტების ალიანსის სხვადასხვა ღონისძიებაში – გაიარონ ე.წ. ტრენინგები ტრენერებისთვის. მათ შეეძლებათ მიღებული ცოდნა, უნარები და სასწავლო მასალები თავიანთ აუდიტორიაშიც გამოიყენონ. და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიუ ვიჟენის სტუდენტებს საშუალება მისცემს, გამოიყენონ SAP-ის სასწავლო პლატფორმა, რომელზეც პროფესიული კურსებია ხელმისაწვდომი. წელიწადში ორჯერ მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩააბარონ სერტიფიცირების გამოცდა, შესაბამისად, მათი ცოდნა და უნარები საერთაშორისო სტანდარტებით იქნება აღიარებული. ეს კი როგორც ქართულ ისე მსოფლიო ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია“, – ამბობს SAP University Alliance-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მენეჯერი იური კუპრიანოვი.