კიევში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობა იხსნება – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა.
რობერტა მეცოლა უმაღლესი რადას პლენარულ სესიაზე ემოციური სიტყვითაც გამოვიდა. მან ომში მყოფი ქვეყნის მიმართ სოლიდარობა ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა, ისევე როგორც მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოსვლა უმაღლესი რადის ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის, მკვლელობასთან დაკავშირებით სამძიმრით დაიწყო და აღნიშნა, რომ მომხდარი იმის მაგალითია, თუ რამხელაა ომის ადამიანური მსხვერპლი, რომელსაც თითოეული უკრაინელი იხდის.
„თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, თუ რას ნიშნავს, იცავდე დემოკრატიას ურთულეს პირობებში. ვიცი ეს დამღლელი და რთულია, მაგრამ თქვენი მედეგობა და სიმამაცე მთელ მსოფლიოს შთააგონებს“, – მიმართა მან უკრაინელ დეპუტატებს და მადლობა გადაუხადა მათ პარლამენტარიზმის დაცვისთვის.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას ომშიც გააგრძელებს და ომის შემდეგაც. მან დააანონსა ევროკომისიის მე-19 სასანქციო პაკეტის უახლოეს დღეებში მიღებაც, რომელშიც რუსეთზე ზეწოლა გაზრდილია.
„მე ვიცი, რომ მშვიდობა აუცილებლად დაისადგურებს, უკრაინა კი გაიმარჯვებს, მაგრამ რამდენად მალე მოვა მშვიდობა და რა პირობებით, თქვენზეა დამოკიდებული, რადგან არაფერი ყოფილა, არის და იქნება გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე.
თქვენ არ გჭირდებათ ემპათიის სიტყვები ჩემგან, თქვენ გჭირდებათ ის, რასაც ევროპა პირველივე დღიდან გაწვდიდათ და ასე გააგრძელებს – რეალური მხარდაჭერა იარაღით, საბრძოლო მასალებით, წვრთნებით, ჰუმანიტარული დახმარებით იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები და სახლები დაკარგეს, სანქციებით, რათა რუსეთის ომის მანქანა შევასუსტოთ, დიპლომატიით, რათა უკრაინა იყოს დღის წესრიგში პირველი საკითხი. სწორედ ამ გზით ვეხმარებით უკრაინას და ვუახლოვდებით მშვიდობას, რათა თითოეული გატაცებული უკრაინელი ბავშვი დავაბრუნოთ სამშობლოში.
იძულებითი მშვიდობა მხოლოდ რამდენიმე თვით ან წლით შეაჩერებს ომს, ჩვენი პოზიცია ნათელია, მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი, ღირსებასა და სამართალზე დაფუძნებული, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენობასა და დამოუკიდებლობას. ევროპას უკრაინის მსგავსად მუდამ სურდა მშვიდობა და სწორედ ამაზე დაფუძნდა ჩვენი ერთობაც. ამიტომაც ვაგრძელებთ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ვართ მზად და უნარიც შეგვწევს მივაღწიოთ მას – ამ გზავნილს ვგზავნით აშშ-შიც.
ევროპა იდგა თქვენ გვერდით პირველივე დღეებიდან, პირველები ვიყავით, ვინც კიევში რუსული იერიშების ფონზე დადგა და ამ წლებმა ჩვენი ერთობა მხოლოდ გააძლიერა. ჩვენ აქ ვართ თქვენთან, აქ ვართ, რომ დავრჩეთ. მარტო არასოდეს ივლით და როდესაც მშვიდობა მოვა და ეს ბნელი თავი საბოლოოდ დაიხურება, მაშინაც თქვენ გვერდით ვიდგებით აღორძინების პროცესშიც და უკრაინა კი მალევე შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს.
გმადლობ, რომ დაადასტურეთ უკრაინული გამოთქმის არსი, რომ „მამაცი გული უფრო ძლიერია, ვიდრე ორი ძლიერი მკლავი“ – უკრაინის გული კი საკმაოდ ხმამაღლა ძგერს, რათა ეს მსოფლიომ გაიგონოს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვა – სინათლე გაიმარჯვებს ბნელზე, სიცოცხლე სიკვდილზე, ასე იყო და ასე იქნება – დიდება უკრაინას“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას რობერტა მეცოლამ.