საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები განცხადებით გამოეხმაურნენ 15 სექტემბერს რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც მათთვის უცნობი პირი მათ იარაღით დაემუქრა.
მოძრაობის „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ წევრები ამბობენ, რომ მსგავსი ქმედებები არის გაგრძელება, მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული ძალადობრივი კამპანიისა.
როგორც განცხადების ავტორები განმარტავენ, სახელმწიფო არათუ არ იცავს მოქალაქეების სიტყვისა და გამოხატვის უფლებას, არამედ ხელს უწყობს ძალადობის გაღვივებას.
„უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფური თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი და მას მიზანმიმართული პროვოკაციის სახე ჰქონდა. მეტიც, მას ჩვენს წინააღმდეგ აგორებული სამთავრობო ძალადობრივი პროპაგანდის ლოგიკურ გაგრძელებად მივიჩნევთ, რაზეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პოლიციის უმოქმედობა, მოძალადეების დაუსჯელობის სინდრომი თუ თავად სამთავრობო მედიებისა და მათთან ასოცირებული არხების მიერ წარმოებული პროპაგანდა. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ უმალავს მაყურებელს ძალადობის შესახებ ინფორმაციას, ხოლო „იმედი” კიდეც ახალისებს პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმას.
ქვეყნდება ჩვენი თანამებრძოლების საცხოვრებელ მისამართები. მათ ყოველდღიურად ატერორებენ თავიანთ სახლებში, აშინებენ მათ მცირეწლოვან შვილებსა და ოჯახის წევრებს… ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს…“ – ნათქვამია მოძრაობის „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ განცხადებაში.
15 სექტემბერს რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის კუთხეში აქციის მონაწილეებს ერთი პირი იარაღის მუქარით, სიტყვიერად დაუპირისპირდა დემონსტრაციის მონაწილეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაკავებულია 2009 წელს დაბადებული მოქალაქე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ემუქრება 7 წლამდე პატიმრობა.