მთავარისაქართველოპროკურატურამ ერთი პირი დააკავა „უპრეცედენტო რაოდენობის თანხის ლეგალიზების ფაქტზე“

პროკურატურამ ერთი პირი დააკავა „უპრეცედენტო რაოდენობის თანხის ლეგალიზების ფაქტზე“

საქართველოს პროკურატურის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავეს.

უწყების თანახმად, საქმე ეხება უპრეცედენტო ოდენობის, 624 მილიონი ამერიკული დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, ეს ქმედება 2022-2024 წლებში ჩაიდინეს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს:

„პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლისა და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას – ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას“, – თქვა პროკურორმა ბექა კვიციანმა.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე და მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში არც ბრალდებულის ვინაობა და არც მისი ინიციალები დასახელებულა, როგორც ამას პროკურატურა სხვა შემთხვევებში აკეთებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ემუქრება 12 წლამდე პატიმრობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend