მთავარისაქართველო„მოიქეცით ვენის კონვენციის შესაბამისად“ - მოუწოდებს ირაკლი კობახიძე ელჩებს

„მოიქეცით ვენის კონვენციის შესაბამისად“ – მოუწოდებს ირაკლი კობახიძე ელჩებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რადიკალიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს საქართველოში მყოფ ევროპელ ელჩებს, ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს კი ისევ „ევრობიუროკრატებად“ მოიხსენიებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიპლომატები უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას, რაც ხელისუფლებისთვის მიუღებელი საქციელია.

ამ კონტექსტში მან ახსენა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დიპლომატების ქცევებით, ევრობლოკში გაწევრების შესახებ იცვლება მოსახლეობის განწყობები:

„ისინი პირდაპირ ახდენენ იმის ლუსტრაციას, რაზეც ძალიან ბევრი საუბრობდა მანამდე წლების განმავლობაში. რეალურად, დღეს ქართველი ხალხის თვალში ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან, ძალადობასთან, დემოკრატიის უგულებელყოფასთან, ყველა ამ არასწორ განვითარებასთან, რასაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხარეს.

ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება არამარტო ევროპული ბიუროკრატიის, არამედ ევროკავშირის იმიჯსა და რეპუტაციაზე ჩვენი საზოგადოების თვალში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ელჩები იქცეოდნენ, პირველ რიგში, კეთილსინდისიერად, ვენის კონვენციის შესაბამისად, არ აღვივებდნენ უხეშად საზოგადოების თვალში რადიკალიზმს, სიძულვილს ჩვენს ქვეყანაში.

არ შეიძლება, ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები. დღეს ასეა.

ელჩების დიდი ნაწილი, ქართული  საზოგადოების წინაშე საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ეს უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში…“

„ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად საუბრობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩის ან ევროპული სახელმწიფოების დიპლომატების საქმიანობაზე. ამ მიდგომას თავდასხმად აფასებენ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ოპონენტთა ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ევროპელი პარტნიორები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend