ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ გერმანიის ელჩს საქართველოში, პიტერ ფიშერს.
განცხადებაში, რომელსაც 30-მდე ორგანიზაცია აწერს ხელს, წერია, რომ მაშინ, როდესაც დემოკრატიული ღირებულებები და საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა, ელჩი ფიშერი თანმიმდევრულად და გაბედულად იცავს თავისუფლების, ღიაობისა და დემოკრატიის პრინციპებს.
„ელჩის პოზიცია, სრულიად ნათელი და დამაჯერებელია და შეახსენებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველოს კუთვნილი ადგილი არის ევროპული ქვეყნების ოჯახში.
სწორედ ამ პრინციპული პოზიციის გამო ელჩი ფიშერი „ქართული ოცნების“ მხრიდან უსაფუძვლო, აგრესიული და უღირსი თავდასხმის სამიზნე გახდა.
ჩვენი სამშობლოსადმი ჩვენი პარტნიორების სოლიდარობა იმსახურებს აღიარებას, მადლიერებასა და პატივისცემას.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთსულოვნად ვდგავართ ელჩ ფიშერის გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ პროპაგანდისა და მანიპულაციის მხილებას და საქართველოს ისტორიული არჩევანისთვის – ჩვენი ევროპული მომავლისთვის – ბრძოლას. სიმართლის, ღირსების, დემოკრატიისა და თავისუფლების ფასეულობები საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს”, -წერია განცხადებაში.