თბილისის მე-11 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობით ცხადია, რომ, სულ მცირე, მიმდინარე წელს, ამ შენობაში სასწავლო პროცესი ვერ აღდგება.
ათასზე მეტ მოსწავლეზე გათვლილი სკოლა 2019 წელს დაანგრიეს. მაშინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წლით ადრე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა ამავე სკოლის გამაგრებით სამუშაოებსა და სრულ რეაბილიტაციაზე.
სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025 წლის ივლისში, თუმცა სექტემბერში ის კვლავ მშენებარე მდგომარეობაშია.
„განათლების სამინისტრო ყოველკვირეულად აგზავნის პრესრელიზებს და უთითებს, რომელი სკოლა გახსნა, მაგრამ არავინ საუბრობს გაჭიანურებულ მშენებლობაზე. რეალურად, მშობლებსა და მათ შვილებს აქვთ შეკითხვა – როდემდე უნდა იყვნენ შეკედლებული სხვა სკოლაში? – პასუხი არსაიდან არ არის… ჯერ კიდევ [გიორგი] ამილახვრის მინისტრობისას მან უთხრა მშობლებს – რამდენი აქციაც გინდათ, იმდენი გამართეთ – ტრაგიკულია, როცა სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება აქვს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, მის მიღმა არიან კონკრეტული ბავშვები, რომლებსაც ისედაც როგორ განათლებას აძლევს ჩვენი სახელმწიფო, როგორ ჩამორჩებიან ჩვენი მოსწავლეები მოწინავე ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებს განათლების ხარისხით და ახლა როგორ იქნება ეს საკითხი?“ – ამბობს მეგი კავთუაშვილი, ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი.
მშობლიურ საკლასო ოთახებში დაბრუნებას მეექვსე წელია, ელიან ცოტნე დადიანის ქუჩაზე დანგრეული კიდევ სამი სკოლის მოსწავლეები. მათ შორის არის 113-ე საჯარო სკოლა, რომლისგანაც მხოლოდ შენობის ფრაგმენტები შემორჩა. ახალი სკოლის პროექტი მზად არის, თუმცა ადგილზე ჯერ მხოლოდ ბალახი იზრდება, ტერიტორიაზე კი არ არის დაცული უსაფრთხოება.
„სამწუხაროდ, ამ გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ათასობით ბავშვს უწევს ტრანსპორტით გადაადგილება. ზოგიერთ შემთხვევაში ამას უზრუნველყოფს განათლების სამინისტრო, ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი ხარვეზებით მუშაობს ტრანსპორტი, რომ ოჯახი თავად არის იძულებული, უზრუნველყოს ბავშვის გადაადგილება. ცხადია, ეს დამატებით პრობლემებს ქმნის…“ – ამბობს ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი მეგი კავთუაშვილი.
ის, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაში უცხოური დაფინანსების წილი მაღალია, დასტურდება მეოთხე საჯარო სკოლის ღობეზე გაკრული ბანერიდანაც. აქ მშენებლობა დასრულდა, თუმცა ჯერ კიდევ წინ არის შიდა სამუშაოები.
2025 წელს პირველი ზარი არ დარეკილა მე-10 საჯარო სკოლაშიც. მშობლები ამბობენ, რომ ნაძალადევის რაიონში მზარდი მოსახლეობის ფონზე, მცირდება სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა. დადიანის ქუჩაზე სხვა სკოლების მსგავსად აქაც, მშენებლობის ვადები დარღვეულია. პრობლემაზე საუბრობენ ის მშობლებიც, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ ეს თემა ადრე თუ გვიან მათაც შეეხებათ.
„სკოლებში ბავშვები სწავლობენ სამ ცვლაში. მესამე ცვლა გაკვეთილებს ასრულებს 17:45 საათზე. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ სკოლის მოსწავლემ თავისი განრიგი დაგეგმოს? ბავშვებს სჭირდებათ პირადი სივრცე, სკოლის გარდა სხვადასხვა აქტივობა… როგორ შეიძლება, ამ პირობებში, როდესაც საღამოს გიმთავრდება სწავლა, რამე სოციალური ცხოვრება ჰქონდეს სკოლის მოსწავლეს?!“ – ამბობს ნუცა ცქიმანაური, მშობელი.
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ზეიმის ნაცვლად საპროტესტო აქცია გაიმართა 157-ე საჯარო სკოლასთან. ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩასთან მდებარე სკოლის შენობა უკვე ორი წელია, უფუნქციოა.
მოსწავლეების ნაწილი სხვა სკოლებში, რამდენიმე ცვლად განაგრძობს სწავლას, ნაწილს კი ჰიბრიდული სწავლების ფორმატი შესთავაზეს, რაც მშობლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც მშობლები ამბობენ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა დასძენენ, რომ შესაბამისი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
მათივე განმარტებით, სახელმწიფოს სურს შენობის დანგრევა არგუმენტით, რომ მალე ძველი, ავარიული სკოლის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება. მოსწავლეების გარეშე დარჩენილ შენობაში ახლა მხოლოდ ცესკოს საარჩევნო უბანი და საცურაო აუზია გახსნილი.
„ჩვენს სკოლაში 1 500 ბავშვი ირიცხებოდა, ხომ შეიძლება, რაღაცნაირად შეგვინარჩუნონ ეს სკოლა?! ამხელა დასახლებაა და იმის ნაცვლად, სკოლებს ამატებდნენ, გვინგრევენ. გვეუბნებიან, რომ შენობა არ არის რენტაბელური და არ აწყობთ ბიუჯეტის მხრივ, ამიტომ უნდათ, დაანგრიონ და ხელახლა ააშენონ. ჩვენ არ გვაწყობს ეს და ვითხოვთ, სკოლა გარემონტდეს… ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ის არის, რომ ჩვენმა ბავშვებმა 21-ე საუკუნეში მიიღონ სრულფასოვანი განათლება. გაგვაგებინონ, რას ემსახურება ეს დუმილი?!“ – თქვა ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას, სოფო შუბითიძემ, მშობელმა.
„ონლაინ სწავლება, რა თქმა უნდა, მიუღებელია მშობლისთვის, რადგან ბავშვის მომავლისთვის ეს დამღუპველია…“ – ამბობს 157-ე საჯარო სკოლის კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი ეკა როსტიაშვილი.
ევრონიუს ჯორჯია ეცადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიეღო პასუხი, თუ როდის შესრულდება სახელმწიფოს დაპირება, თუნდაც, ამ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდა ამ სამუშაოებზე პასუხისმგებელი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. 8 სექტემბერს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ არსებულ პრობლემებს ასე უპასუხა:
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ 15 სექტემბერს ყველა საჯარო სკოლაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2086 საჯარო სკოლაა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს. შესაძლებელია, ერთი-ორი გამონაკლისი იყოს, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურული კომპონენტები ბოლოსკენ მიდის და შეიძლება რამდენიმე დღიანი დაგვიანება იყოს. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ახალი სასწავლო წლისთვის…“
მიმდინარე წლის გაზაფხულზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც გამოავლინა საჯარო სკოლების მშენებლობის ნაკლოვანებები. ანგარიშში არ არის ნახსენები თბილისი, თუმცა საუბარია დედაქალაქის ირგვლივ არსებული სოფლების: ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების სკოლების მაგალითებზე. აუდიტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად კონტრაქტორ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭიროზე ორ მილიონ ლარზე მეტი გადაეცა.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. უწყების ერთიანი სტრატეგიის 2022-2030 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, სკოლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. ხელისუფლების დაპირების მიხედვით, ეს საკითხი 2026 წლის ბოლოსთვის სრულად უნდა ამოიწუროს, რისთვისაც სახელმწიფო ერთი მილიარდი ლარის გამოყოფას გეგმავს.
თუმცა დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მშობლების, მასწავლებლებისა და ექსპერტების ნაწილი ამ დაპირებას მხოლოდ დაპირებად აღიქვამს.