მთავარიაზიაისრაელიმარკო რუბიო ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

მარკო რუბიო ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენციაც.

„ამერიკას ისრაელზე უკეთესი მოკავშირე არ ჰყავს. ცხადია, არც ისრაელს ჰყავს ამერიკაზე უკეთესი მოკავშირე. ამერიკა შესანიშნავი პარტნიორი იყო და არის ისრაელისთვის. ჩვენი გამორჩეული ალიანსი საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ მითხრა: „გახსოვდეთ 7 ოქტომბერი”. ჩვენ გვახსოვს. გვახსოვს სისასტიკე, გვახსოვს უდანაშაულო ადამიანების დაუჯერებელი მასობრივი ხოცვა. გვახსოვს ჩვენი ტყვეები და მზად ვართ, ყველა მათგანი დავაბრუნოთ სახლში – ცოცხალი თუ დაღუპული.

მადლობას ვეუბნებით პრეზიდენტ ტრამპსა და თქვენ იმისთვის, რაც ამ საქმეში გააკეთეთ. გვახსოვს „ჰამასი” და ვიცით, რომ ის უნდა დავამარცხოთ და უზრუნველვყოთ, რომ ვეღარასდროს გადააქციონ ღაზა საფრთხედ ისრაელისთვის. ისინი იქ აღარ უნდა იყვნენ. დღეს თქვენი ისრაელში ვიზიტი ნათელი გზავნილია, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგას. თქვენ ჩვენ გვერდით დგახართ ტერორის წინაშე, ასევე იმ დაუჯერებელი ცრუ ბრალდებების წინაშე, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგაა მომართული მსოფლიოში მზარდი ანტისემიტიზმის ფონზე. და იმ სუსტი მთავრობების ფონზე, რომლებიც ჩვენზე ახდენენ ზეწოლას, რადგან ისლამისტური უმცირესობებისგან მომავალ წნეხსა და დაუჯერებელ ცილისწამებას ვერ უძლებენ”, – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე.

„რაც შეეხება პრეზიდენტის მკაფიო პოზიციას ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე: ყველა მძევალი, ცოცხალი და დაღუპული, დაუყოვნებლივ შინ უნდა დაბრუნდეს. „ჰამასი” აღარ უნდა არსებობდეს, როგორც შეიარაღებული ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ღაზის მოსახლეობა უკეთეს მომავალს იმსახურებს – მომავალს, რომელიც ვერ დაიწყება, სანამ „ჰამასი” არ განადგურდება და ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება. პრეზიდენტი ამ მიზნის ერთგულია. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ დღეს – ვისაუბრეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ იმაზე მსჯელობას, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს. ეს ძალაში რჩება. 48-ვე მძევალი, როგორც ცოცხალი, ისე დაღუპული, სახლში უნდა დაბრუნდეს. უნდა დააბრუნონ. ისინი არც არასდროს უნდა გაეტაცებინათ. ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, უპრეცედენტო ბარბაროსობის აქტი იყო, და რაც მას შემდეგ მოხდა, „ჰამასის” მხრიდან ამ ბარბაროსობის გამეორებაა”, – განაცხადა მარკო რუბიომ.

რუბიო ისრაელში გუშინ, 14 სექტემბერს, ჩავიდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილზე შეტევის გაძლიერების პარალელურად სტუმრობს.

ორდღიანი ვიზიტის დაწყებამდე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ეცდება, პასუხი მიიღოს იმაზე, თუ როგორ ხედავს ისრაელი ღაზაში არსებული ვითარებიდან გამოსავალს, გასულ კვირას კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელებზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

დოჰაში ისრაელის სამიზნე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. „ჰამასში” აცხადებენ, რომ თავდასხმისას ექვსი ადამიანი, მათ შორის დაჯგუფების ხუთი წევრი დაიღუპა.

მარკო რუბიოს ვიზიტი მხარდაჭერის დადასტურებაა სულ უფრო და უფრო იზოლირებული ისრაელის მიმართ. ეს მაშინ, როცა უახლოეს დღეებში გაეროში მწვავე დებატები გუნდა გაიმართოს პალესტინის სახელმწიფოს შექმნისადმი ერთგულების თაობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend