ნეპალში გასულ კვირას კორუფციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, სამაშველო ჯგუფები კვლავ აგრძელებენ ცხედრების ამოყვანას სავაჭრო ცენტრებიდან და არეულობის დროს დაზიანებული სხვა შენობებიდან. ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა საერთო რაოდენობა 2 100-ს აღემატება.
უპრეცედენტო დემონსტრაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა შარმა ოლიმ თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად ქვეყანას დროებით უხელმძღვანელებს ყოფილი მთავარი მოსამართლე სუშილა კარკი.
ნეპალის ახალდანიშნული დროებითი პრემიერ-მინისტრი 14 სექტემბერს სამკურნალო დაწესებულებას ესტუმრა და დაშავებული მომიტინგეები მოინახულა. ქვეყნის დედაქალაქში უკვე გაუქმებულია კომენდანტის საათი. მოქალაქეებს ოფიციალურად განუცხადეს, რომ გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა.
მასშტაბური დემონსტრაციები ნეპალში 8 სექტემბერს დაიწყო სოციალური ქსელების აკრძალვის გამო. დემონსტრაციები მალევე გადაიზარდა კორუფციის საწინააღმდეგო უპრეცედენტო პროტესტში. მომიტინგეებმა დაარბიეს სამთავრობო შენობები, პოლიტიკოსების, მათ შორის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციები.
ახალი საპარლამენტო არჩევნები ნეპალში 5 მარტს არის დანიშნული.