თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 სექტემბერს, საპროტესტო აქციებისას დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის დასკვნითი პროცესი გაიმართა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლეს ანასტასია ზინოვკინამ და არტემ გრიბულმა.
„ვაცხადებ შიმშილობას პატარა მოთხოვნით: გაათავისუფლეთ ანტონ ჩეჩინი და არტემ გრიბული.
ჩემი ჯანმრთელობა ძნელად მომცემს საშუალებას, რომ დიდხანს ვიცოცხლო, უვადო თუ მომისაჯეთ. თავს ნორმალურად ვგრძნობ, მაგრამ ჩემი განცხადებები ძალადობის, სექსუალური ძალადობის თაობაზე პოლიციის მხრიდან, მამაკაცების მხრიდან, რომელთაც არ ჰქონდათ უფლება ჩემი დაკავებისაც კი, მითუმეტეს თავდასხმის, ნარკოტიკების ჩადების… ჩემი განცხადებების შემდეგ მათ მიმართ ზომები არ გაუტარებიათ.
დაადგინეთ ჭეშმარიტება და დასაჯეთ დამნაშავეები, რომელთაც ჩვენ მიმართ ჩაიდინეს დანაშაული, რომლებიც გვემუქრებოდნენ, გვიდებდნენ ნარკოტიკს, ძალადობდნენ, ძალადობით გვემუქრებოდნენ. არღვევდნენ კანონს”, – განაცხადა ანასტასია ზინოვკინამ თავის საბოლოო სიტყვაში.
„9 თვის წინ ჩემსა და ანასტასიას წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული. ეს დანაშაული გრძელდება. მინდა, მოკლედ მოვყვე მოტივზე. ეს მოტივი ერთი და იგივეა ჩვენსა და ანტონის საქმეში შიში ძალაუფლების დაკარგვისა და პასუხისმგებლობის გამო. ეს შიში იგრძნობა ყველა ქმედებაში, რასაც ეს მთავრობა ახორციელებს.
ბოლომდე ვერ გავიგე, რაში გვადანაშაულებენ. პატივცემულო მოსამართლევ, მე და ანასტასია ზინოვკინა უდანაშაულოები ვართ. ეს ცარიელი სიტყვები არ არის, გამომდინარეობს მოწმეების ჩვენებიდანაც”,- განაცხადა არტემ გრიბულმა.
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა პროკურატურამ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 16,3292 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP), რასაც უკანონოდ ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკის შედეგად ამოიღეს”, – წერია განცხადებაში.
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის ადვოკატი დარია სამოდუროვა ამბობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ისინი გაასაჩივრებენ.
„დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა ყველაზე უსამართლო, ყველაზე არაკომპეტენტური გადაწყვეტილება. ორ სრულიად უდანაშაულო ადამიანს მიუსაჯა 8 წელი და 6 თვე, რაც ჩემი გადმოსახედიდან არის კატასტროფული გადაწყვეტილება. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ამ გადაწყვეტილებას, რა საკვირველია, გავასაჩივრებთ და ამ ქვეყნის შიგნით თუ არა ქვეყნის გარეთ მაინც მივაღწევთ სამართლიანობას”, – განაცხადა ადვოკატმა დარია სამოდუროვამ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს.
პროკურატურა მათ ნარკოდანაშაულს ედავება. ოფიციალური ბრალის მიხედვით, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება ჩაიდინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს და სასჯელის სახედ 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.