მთავარისაქართველოდაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

უწყების თანახმად, ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

სუსის ცნობით, დაკავება უკავშირდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვ.მ.-სთვის სარგებლის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ – გ.ხ-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა – ვ.ღ.-მ, მინისტრის ახლო ნათესავის – ვ.მ.-ის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო. ამ ქმედების შედეგად, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდეს 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი…“ – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend