მთავარიევროპაბელარუსი„Zapad 2025” იწყება - რას უნდა ელოდოს აღმოსავლეთ ევროპა?

„Zapad 2025” იწყება – რას უნდა ელოდოს აღმოსავლეთ ევროპა?

პარასკევს, 12 სექტემბერს, რუსეთი და ბელარუსი იწყებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს – „Zapad 2025-ს”, რაც ქართულად „დასავლეთს“ ნიშნავს.

ეს სწავლება განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში იწვევს დიდ შეშფოთებას, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში გახშირდა რუსული დრონების მიერ რეგიონის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა. აღსანიშნავია 10 სექტემბრის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც დიდი რაოდენობით უპილოტო აპარატმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა შეხვედრაზე პეკინის სასტუმროში, 2 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP

„Zapad-ის” წვრთნები 2009 წლიდან ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. მასპინძელი ქვეყნების განცხადებით, მანევრებში 12-დან 13 ათასამდე სამხედრო მონაწილეობს, თუმცა ნატო ამ მონაცემების სიზუსტეს ეჭვქვეშ აყენებს. მინსკი და მოსკოვი ამტკიცებენ, რომ სწავლებები არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული, მაგრამ წარსულმა გამოცდილებამ სხვა სურათი აჩვენა. წვრთნების სცენარებში რუსეთი და ბელარუსი ხშირად „გამოგონილ“ ქვეყნებს ესხმიან თავს, რომლებიც აშკარად წააგავს აღმოსავლეთ ევროპის რეალურ სახელმწიფოებს.

მაგალითად, „Zapad 2025-ის” დროს სამხედროებმა სამ გამოგონილ ქვეყანას – ვესბარიას, ლუბეინიასა და ვეიშნორიას – შეუტიეს, რომლებიც ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, კერძოდ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ანალოგებად აღიქმებოდა. წვრთნები ჩატარდა 2021 წელსაც, სულ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე მოსკოვი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა უკრაინაში.

ორი ბელარუსული ვერტმფრენი სამხედრო წვრთნების დროს, სოფელ ვოლკასთან, 19 სექტემბერი, 2017 წელი Copyright AP

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბელარუსში ახალი მასშტაბური სამხედრო ობიექტების მშენებლობაც. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში მინსკის სამხრეთით, სოფელ პავლოვკასთან, დაიწყო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 2 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ანალიტიკოსების შეფასებით, მას შესაძლოა სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში და იქ განთავსდეს რუსეთის ახალი ბალისტიკური რაკეტების სისტემა „ორეშნიკი“.

გარდა ამისა, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გომელის გარეუბანში, უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე, კიდევ ერთი ახალი ობიექტი აღმოაჩინეს. სწორედ ამ გარემოებების ფონზე, აღმოსავლეთ ევროპაში მიიჩნევენ, რომ „Zapad 2025-მა” შესაძლოა მათი უსაფრთხოებისთვის დამატებითი გამოწვევები შექმნას.

პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის სრულ ჩაკეტვას განიხილავს, უსაფრთხოების ზომებს კი ამკაცრებენ ბალტიის ქვეყნებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend