85 წლის დიზაინერმა, რალფ ლორენმა, კოლექციის ჩვენება საკუთარ სტუდიაში, Madison Avenue-ზე მოაწყო. ინტერიერი მინიმალისტურ, თეთრ ტონებში ელეგანტურად იყო გაფორმებული.
შენობის წინ მოდის მოყვარულები, ჟურნალისტები და მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ შეკრებილი, მათ შორის ოპრა უინფრი და მისი მეგობარი გეილ კინგი. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ ნიკ ჯონასი და პრიანკა ჩოპრა, ლორა დერნი, მინდი კალინგი, ნაომი უოთსი და სხვა ცნობილი სახეები.
2026 წლის გაზაფხულის კოლექციას რალფ ლორენის ხელწერა ნამდვილად ეტყობოდა. აქ წარმოდგენილი იყო მამაკაცური სტილის ქალის სამოსი, ფართო, ელეგანტური, ტანზე მორგებული ჟაკეტები, შიგნით კი ჩანდა მოკლე მაისურები, რომლებიც ეხამებოდა ფართო შარვლებსა და ქვედაბოლოებს.
კოლექციის ძირითადი ფერი თეთრი იყო. პირველი, რაც საზოგადოებას წარუდგინეს, გრძელი, თეთრი პოლოს სტილის პალტო იყო.
კოლექციის ფერთა პალიტრა შეადგენდა ძირითადად შავ-თეთრ კომბინაციას, რომელშიც წითელი ფერის დეტალებიც იყო დამატებული – ხანდახან მხოლოდ კისერზე შეკრული ბაფთის სახით. ფინალურ ნაწილში გამოჩნდა ორი წითელი კაბა: ერთი ყოველდღიური, ხოლო მეორე – მდიდრული, საღამოსთვის განკუთვნილი, აბრეშუმის მსგავსი ქსოვილით. აქსესუარებში ჭარბობდა მასიური დიდი ვერცხლისფერი ფარფატა ქუდები.
2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციით რალფ ლორენმა ოფიციალურად გახსნა ნიუ-იორკის მოდის კვირეული, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.