მთავარიევროპაუკრაინარუსული საოკუპაციო ძალები კვლავ უტევენ დონეცკის რეგიონს

რუსული საოკუპაციო ძალები კვლავ უტევენ დონეცკის რეგიონს

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დრონებითა და რაკეტებით კვლავ მიაქვთ იერიში უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე. ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე თავდასხმას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა,  ერთი კი დაიჭრა. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და კომერციული ობიექტი.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ აქრობენ ხანძარს სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, ექიმები კი დაშავებულებს ეხმარებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკში დრონებით განხორციელებული თავდასხმის სერიის შედეგად ერთი ხანდაზმული ქალი დაშავდა.

„ჩვენ კრამატორსკში ვართ, სადაც დრონებით დაესხნენ თავს. იერიში მაღალსართულიან შენობასთან ახლოს მიიტანეს. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ექიმებმა დახმარება გაუწიეს ხანდაზმულ ქალს. ამჟამად ოფიცრები ამ შენობაში ბინებს ათვალიერებენ და სახლებში  ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ. შემოწმება გრძელდება, საგამოძიებო და ექსპერტთა შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ“, – აცხადებს დონეცკის პოლიციის წარმომადგენელი პავლო დიაჩენკო.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ რუსეთმა დრონებით კვლავ მიიტანა იერიში უკრაინაზე. უკრაინის დასავლეთით,  ხმელნიცკის რეგიონში სამი ადამიანი დაშავდა. რეგიონული გუბერნატორის ინფორმაციით, განადგურდა სამკერვალო ფაბრიკა, დაზიანდა ბენზინგასამართი სადგური და ავტომობილები, ასევე ჩაიმსხვრა რამდენიმე სახლის ფანჯრის მინები.

რეგიონული ხელმძღვანელის, ნატალია ზაბოლოტნას, თქმით, ვინიციის რეგიონში რუსულმა დრონებმა სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის 30 საცხოვრებელი შენობა. დაშავდა ერთი ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით 415 დრონი და სატყუარა, ასევე 42 ფრთოსანი და ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ანგარიშის თანახმად, უკრაინის საჰაერო ძალებმა 386 დრონი და 27 ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს.

ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ანექსირებულ ყირიმსა და შავი ზღვის ტერიტორიებზე, 122 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend