მთავარიაზიაღაზაევაკუაცია ღაზის სექტორიდან

ევაკუაცია ღაზის სექტორიდან

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ევაკუაციის ბრძანება გასცა. იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს არასაკმარისი რესურსების გამო სულ უფრო მეტად უჭირთ თავშესაფრის პოვნა. დევნილები ამბობენ, რომ მათ არ გამოუყვეს შესაბამისი ადგილები, კარვები, საკვები და ჰუმანიტარული დახმარება. ისინი იძულებული არიან, პირდაპირ ქუჩაში დაბანაკდნენ. პალესტინელები კვლავ მასობრივი შიმშილის ზღვარზე არიან.

„ჩვენ ვსხედვართ  ღია ცის ქვეშ, ამ მთებს შორის და მხოლოდ ღმერთის იმედი გვაქვს. გეფიცებით, 1 შეკელიც არ მაქვს საკვების შესაძენად. დღეს საერთოდ არაფერი მიჭამია. ღამე ქუჩაში მეძინა. არ არის ნორმალური ქუჩაში ძილი. არც წყალი, არც საჭმელი, არც ელემენტარული პირობები. ასე ცხოვრება წარმოუდგენელია“, – ამბობს ჯაბალიიდან იძულებით გადაადგილებული ატვა ავადი.

სამხრეთ ღაზის ბანაკებში ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც ისრაელის არმიამ ქალაქი ღაზა საბრძოლო ზონად გამოაცხადა და ადგილობრივებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

პალესტინელები ტოვებენ ჩრდილოეთ ღაზას, 9 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Jehad Alshrafi

„გვეშინია. ვღელავთ  ჩვენი შვილების გამო. ბომბების ყველას ეშინია. აქ სიცოცხლე აღარ არის. იქნებ ოდნავ მაინც გაგვიუმჯობესდეს ცხოვრების პირობები, რომ ჩვენმა შვილებმაც ისე უსაფრთხოდ იცხოვრონ, როგორც სხვა ბავშვებმა მსოფლიოში. ჩვენ წარმოუდგენელ ტერორსა და შიშში ვცხოვრობთ. წყალიც კი არ არის ხელმისაწვდომი, ვერ ვშოულობთ საკვებს. ჩვენ ვთხოვთ არაბულ, ისლამურ და დანარჩენ ერებს, რომ დაგვიდგნენ გვერდით და დაგვეხმარონ ამ ომის შეჩერებაში“, – ამბობს ჯაბალიიდან იძულებით გადაადგილებული ვაფაა აბდულა.

ისრაელი აგრძელებს მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას – 10 სექტემბერს ღაზის სექტორში, ფაქტობრივად, მთელი დღე ისმოდა აფეთქების ხმა.

ამ იერიშებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის არმიის პრესმდივანმა ქალაქ ღაზის დასავლეთ ნაწილის გარკვეული რაიონების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, თუმცა მშვიდობიანი მოქალაქეები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის დარტყმებს 41 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 184 კი დაშავდა. ამავე წყაროს ცნობით, ბოლო 24 საათში ჰუმანიტარული დახმარების მიღებისას 12 მოქალაქე დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend