„ყველაფერი დაბლოკეთ“ – ამ ლოზუნგით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები, საფრანგეთის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან, კერძოდ, ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო.
დემონსტრანტებმა ნაგვის ურნები დაწვეს და გზები გადაკეტეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ათობით მომიტინგე დააკავეს. დემონსტრაციები პოლიტიკური არეულობის ფონზე მიმდინარეობს.
ორი დღის წინ საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა, რამაც მემარცხენე პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.