გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმაურება. განცხადებას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ „ქართული ოცნების” წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას.
გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილმა პეტერ ფიშერი „ექსტრემისტების“ მხარდაჭერაში არაერთხელ დაადანაშაულა. მაგალითად, 8 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ტიტუშკები ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს“.