„Z თაობის პროტესტი“ – ასე ეწოდა 8 სექტემბერს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში დაწყებულ დემონსტრაციას, რომელიც სულ მალე ქვეყნის ხელისუფლების დამხობით დასრულდა.
ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც გასულ კვირას ნეპალის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ შარმა ოლის ხელმძღვანელობით, პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი, რომელიც სოციალურ მედიაპლატფორმებს ოფიციალური რეგისტრაციისა და ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვას სთხოვდა.

ნეპალის პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, ეს კანონპროექტი ითვალისწინებდა სოციალური ქსელების სათანადოდ, პასუხისმგებლობითა და ანგარიშვალდებულად მართვას. თუმცა უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ.
კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი ოპოზიციური განწყობის მქონე პოლიტიკოსების დასჯის ინსტრუმენტი და ცენზურის დაწესების მცდელობა იყო, მათი თქმით, კანონპროექტი ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებასა და არღვევდა ფუნდამენტურ უფლებებს.
მიუხედავად წინააღმდეგობისა, ნეპალში დაიბლოკა Facebook, X, YouTube და ოცამდე სხვა სოციალური მედიაპლატფორმა, რომლებმაც ეს რეგულაციები არ დააკმაყოფილეს. თუმცა შეუფერხებლად მუშაობდა TikTok და Viber.
მთავრობის მტკიცებით, სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა „უხამსი მასალები“ და საჭიროებდა კონტროლს. ამ მიზეზით 2023 წელს ნეპალში TikTok-ი დაბლოკეს, თუმცა მოგვიანებით სოციალურმა ქსელმა დადო პირობა, რომ რეგულაციებს დაემორჩილებოდა.
სოციალური ქსელების დაბლოკვამ ნეპალის ახალგაზრდებში დიდი საპროტესტო მუხტი გააჩინა. 8 სექტემბერს ათიათასობით მოქალაქე დედაქალაქ კატმანდუში პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა.
მასშტაბური საპროტესტო აქციები ძირითადად ახალგაზრდების ხელმძღვანელობით იგეგმებოდა, თუმცა მათ შეუერთდნენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ჩინეთსა და ინდოეთს შორის მოქცეული ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მიმართ იმედგაცრუების მრავალი მიზეზი ჰქონდათ.
უმუშევრობა, სიღარიბე, ნეპოტიზმი, კორუფცია… ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ნეპალის საზოგადოებას აწუხებს. სოციალური მედიაპლატფორმების დაბლოკვის გადაწყვეტილებით კი პრემიერ-მინისტრ შარმა ოლის მთავრობამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.
დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევა სცადეს. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის ყველა ფორმა იყო გამოყენებული – ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი, ხელკეტები, ცეცხლსასროლი იარაღიც კი. პოლიციამ 19 ადამიანი დახოცა, რამაც პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური გახადა, სიტუაცია კი გაამძაფრა.
სპეციალური დანიშნულების რაზმებს აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო უკან დახევა მოუწიათ. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებს, დევნიდნენ მთავრობის წევრებსა და მათ ნათესავებს.
დემონსტრაციები გაგრძელდა 9 სექტემბერსაც. მოქალაქეებმა სრულად დაწვეს ქვეყნის პარლამენტის შენობა, ასევე პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსების რეზიდენციები.
ვითარების გამოსასწორებლად გაუქმდა ყველა აკრძალვა სოციალურ მედიაპლატფორმებზე, გადადგნენ პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი და ნეპალის პრეზიდენტი, თუმცა დემონსტრაციებზე ამას გავლენა არ ჰქონია.
ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების დახმარებით, უსაფრთხო ადგილზე გადასვლა მოახერხა, თუმცა ყველამ ვერ მოასწრო. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ ნეპალის ფინანსთა მინისტრს, რომელიც ჯერ გააშიშვლეს, შემდეგ კი მას მდინარეში ე.წ. „განბანვის რიტუალი“ ჩაუტარეს.
ქუჩაში ცემით მოკლეს ნეპალის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ცოლი.
ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური მოუწოდებს მოქალაქეებს, შეწყვიტონ დემონსტრაციები და მოემზადონ დიალოგისთვის, რათა დამატებითი მსხვერპლი და ზარალი აირიდონ.