მთავარიგადაცემებიThe Big Questionციფრული პლატფორმა LinkedIn-ის ხელმძღვანელი კარიერის განვითარების შესახებ: „სწორედ ახლაა ხელოვნური ინტელექტის ...

ციფრული პლატფორმა LinkedIn-ის ხელმძღვანელი კარიერის განვითარების შესახებ: „სწორედ ახლაა ხელოვნური ინტელექტის ყველა არსებული ინსტრუმენტის ათვისების შესაფერისი დრო“

არ არის აუცილებელი, ერთ ღამეში იქცე კოდირების ექსპერტად. უბრალოდ უნდა იცოდე, რამდენად შემოიჭრა ხელოვნური ინტელექტი შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა  ციფრული პლატფორმის LinkedIn ხელმძღვანელმა ჯოშ გრაფმა ევრონიუსთან საუბარში.

 

ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „წლის დასაწყისში პლატფორმა LinkedIn-მა გამოაქვეყნა თავისი პირველი ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება დასაქმების სურათი. მაინც როგორია  ძირითადი მიგნებები?“

ჯოშ გრაფი, LinkedIn-ის მმართველი დირექტორი და LinkedIn-ის ევროპის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „იკვეთება ორი ძირითადი ტენდენცია, რომლებმაც პირადად მე გამაკვირვა. პირველი ის, რომ ახალბედა მუშახელი ორჯერ მეტ სამსახურს გამოიცვლის, ვიდრე  ისინი, ვინც 15 წლის წინ შევიდა შრომის ბაზარზე. მე გავიზარდე ისეთ დროში, როდესაც ნორმალურად ითვლებოდა, რომ ადამიანი ერთ ადგილას 20, 25 და 30 წელი მუშაობდა. დღეს სრულიად განსხვავებული სურათია. მეორე ტენდენცია არის პროფესიული უნარ-ჩვევების ცვალებადობა.  ყოველდღიური საქმიანობისთვის ამჟამად აუცილებელი უნარ-ჩვევების 70% 2030 წლისთვის შეიცვლება. ასე რომ, ძალიან დიდი ცვლილება მოხდება მომავალ ხუთ წელიწადში. და ნამდვილად არ არის გასაკვირი მესამე ტენდენცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. ძალიან დიდი მოთხოვნაა ხელოვნური ინტელექტის მცოდნეებზე და ძალიან მცირეა მიწოდება ამჟამად. ხელოვნური ინტელექტი სრულიად შეცვლის სამუშაო გარემოს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გარდაქმნის არსებულს და ხელს შეუწყობს პროდუქტიულობას“.

ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „თქვენ აღნიშნეთ, რომ ახალბედა დასაქმებულები ორჯერ მეტ სამსახურს გამოიცვლიან კარიერის განმავლობაში, ვიდრე ისინი, ვინც 15 წლის წინ დაიწყო მუშაობა. რა არის ამის მიზეზი?“

ჯოშ გრაფი, LinkedIn-ის მმართველი დირექტორი და LinkedIn-ის ევროპის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „ჩემი აზრით, ახლა სრულიად განსხვავებულად უყურებენ სამუშაო ადგილს. კომპენსაციების მიღება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც დღეს ხალხი სამსახურს იცვლის. მაგრამ არის კიდევ მეორე და მესამე მიზეზიც და ორივე შეიცვალა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ახლა ხალხს ძირითადად უნდა, რომ ბევრი ისწავლოს სამსახურში და, აი, ასეთი მიდგომა ჩამოყალიბდა: „შემაქვს განაცხადი ვაკანსიაზე, მინდა, სიამოვნებით ვაკეთო  ჩემი საქმე, მინდა, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო. და მერე დგება ეტაპი, როცა საკუთარი თავის ერთგულება ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე კომპანია.  ამიტომ რაღაც ისეთი უნდა მოვიფიქრო, რაც ჩემთვის უკეთესია“.

წარწერა: როგორ იცვლება ევროპის დასაქმების ბაზარი?

ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „მოდი, ვისაუბროთ დასაქმების ბაზარზე. როგორია მდგომარეობა ამ კუთხით ევროპაში ახლა?“

ჯოშ გრაფი, LinkedIn-ის მმართველი დირექტორი და LinkedIn-ის ევროპის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „პანდემიის შემდეგ შესამჩნევი იყო დასაქმების მკვეთრი ზრდა და მერე უამრავი ორგანიზაცია მიხვდა, რომ მეტისმეტად სწრაფად აიყვანეს მუშახელი და ტემპი შეანელეს. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ დასაქმებულები ძალიან განერვიულდნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ მათ შემდეგ კომპანიაში შესაძლოა აღარავინ აეყვანათ და საბოლოოდ, პირველსაც სწორედ მას გაათავისუფლებდნენ. ასე რომ, რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ დაჰკანკალებდა ხალხი თავის სამსახურს, მუხლჩაუხრელად შრომობდა, დიდი გულისყურით ეკიდებოდა საქმეს იმ კომპანიაში, სადაც მუშაობდა. ეს დამოკიდებულება ცოტათი შეიცვალა, თუმცა დასაქმების მაჩვენებელი ისევ მცირდება. ევროპის იანვრის მონაცემებს თუ გადავხედავთ, წლიურ დონეზე დასაქმება 17%-ით არის შემცირებული და ეს რიცხვი პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელსაც ჩამორჩება. განსაკუთრებით შემცირებულია ეს მაჩვენებელი გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში“.

ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „საინტერესოა. და რატომ გგონიათ, რომ საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში განსაკუთრებით იკლო დასაქმებამ?“

ჯოშ გრაფი, LinkedIn-ის მმართველი დირექტორი და LinkedIn-ის ევროპის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „ჩემი აზრით, მთელ ევროპაში საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარებაა. ეს ბაზრები კი, როგორც წესი, სიმყიფით გამოირჩევა, თუმცა სისუსტე მთელ რეგიონში შეიმჩნევა. აქა-იქ შესამჩნევია ზრდაც, ტექნოლოგიებში, მაგალითად. ტექნოლოგიური კადრების რაოდენობა ყოველ წელს 12-13%-ით იზრდება ირლანდიაში, ესპანეთში კი რამდენიმე პროცენტული პუნქტით. თუ უფრო ღრმად ჩაიხედავ ტექნოლოგიურ სექტორში, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე უზარმაზარი მოთხოვნაა. არც არის გასაკვირი, 400% მოდის ასეთ კადრებზე იტალიაში, 300% – გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, 80%  კი – საფრანგეთში. უზარმაზარი დისბალანსია მიწოდებასა და მოთხოვნას შორის“.

ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი:  „საინტერესოა. რაკი პროფესიები იცვლება, როგორ ხედავთ მომავალს?“

ჯოშ გრაფი, LinkedIn-ის მმართველი დირექტორი და LinkedIn-ის ევროპის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „დღეს არსებული პროფესიების 10% საერთოდ არ არსებობდა 2000 წელს.  მართალია გვეგონა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით მივდიოდით, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მოხდება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შემდეგ, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის სამუშაო ადგილს. და პირადად მე მიმაჩნია, რომ ამის გამო კომპანიებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩადონ ინვესტიციები კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადახალისებაში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“.

ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „როგორ იქნება სამუშაო ადგილზე კადრების თანასწორობის საკითხი? ხელოვნური ინტელექტის სექტორში, მაგალითად, იქნება ისეთი თანასწორობა, როგორიც თანამედროვე ინდუსტრიას ეკადრება?“

ჯოშ გრაფი, LinkedIn-ის მმართველი დირექტორი და LinkedIn-ის ევროპის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „კარგი ამბავი ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტის სექტორში ახლა ორჯერ მეტი ქალია დასაქმებული 2016 წელთან შედარებით. ცუდი კი ის არის, რომ 162 წელი დასჭირდება ხელოვნური ინტელექტის სფეროში გენდერული წონასწორობის დამყარებას. ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მენტორული და სპონსორული პროგრამები, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გოგონებმა სკოლაში მეტი ყურადღება დაუთმონ ისეთ საგნებს, რომლებიც საჭიროა მეცნიერების, ტექნოლოგიის, მათემატიკისა და ინჟინერიისთვის. პირადად მე ნამდვილად მჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად იქნება ის შესაძლებლობა, რომელიც აღადგენს საჭირო ბალანსს და შექმნის გარანტიებს, რომ ხელოვნური ინტელექტის სექტორში ქალებსა და მამაკაცებს შორის გონივრული წონასწორობა დამყარდეს. მაგალითად, თუ გადავხედავთ ზოგადად დასაქმების ტენდენციებს, მამაკაცებს მაშინაც შეაქვთ ვაკანსიაზე განაცხადი, როდესაც მოთხოვნილი კვალიფიკაციის 50%-ს აკმაყოფილებენ. ქალები კი, როგორც წესი, იცდიან, სანამ სამუშაოს აღწერილობის ჩამონათვალს თითქმის სრულად არ დააკმაყოფილებენ. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით LinkedIn-ის პლატფორმაზე ახლა შეგვიძლია თქვენი პროფესიული უნარებისა და გამოცდილების შესაფერისი ვაკანსია შემოგთავაზოთ, რაც, იმედი გვაქვს, საშუალებას მისცემს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, ისეთ ვაკანსიაზე შეიტანონ განაცხადი, რომელზეც ადრე ვერ შეიტანდნენ. ამგვარად ხელს შევუწყობთ გენდერული ბალანსის დამყარებას არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, არამედ სამუშაო ბაზრის საზღვრების გაფართოებითაც“.

ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „საინტერესოა. პანდემიის შემდეგ ძალიან იმატა ჯერ დისტანციური და მერე ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის ტენდენციამ. ახლა როგორ ვითარდება ეს დინამიკა?“

ჯოშ გრაფი, LinkedIn-ის მმართველი დირექტორი და LinkedIn-ის ევროპის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი ნამდვილად შესანიშნავია.  LinkedIn-ის პლატფორმაზე იმ კონდიციამდე მივედით, რომ ჩვენი დასაქმებულების უმეტესობა ჰიბრიდულ რეჟიმშია. თუ უფრო ფართო სტატისტიკას გადახედავ, ნახავ, რომ გამოცხადებული ვაკანსიების მესამედი ჰიბრიდულ რეჟიმს სთავაზობს და თანაც ამ ვაკანსიების კუთხით საკმაოდ კარგი ბალანსია მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. თუმცა განსაკუთრებით საინტერესო ის ფაქტია, რომ ვაკანსიების 5%-ზე ნაკლები მხოლოდ დისტანციურ შრომას ითხოვს და სამუშაოს მაძიებელთა 15%  ინტერესდება ამით. ასე რომ, ერთ დისტანციურ სამუშაოზე სამი მსურველი მოდის. შვედეთში კი, მაგალითად,  ერთ ასეთ ვაკანსიაზე  6 განაცხადია, გერმანიაშიც საკმაოდ მაღალია დისბალანსი. გამოდის, რომ ძალიან დიდი დისბალანსია მოთხოვნა-მიწოდებას შორის, როდესაც საქმე დისტანციურ შრომას ეხება და ეს საკითხი სულ უფრო პრობლემური ხდება“.

ჰანა ბრაუნი, ევრონიუსი: „თუ დავფიქრდებით ევროპის პოზიციაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან  მიმართებით, რამდენად ახერხებს ამჟამად ევროპა თავისი ტალანტების შენარჩუნებას დასაქმების ბაზარზე?

ჯოშ გრაფი, LinkedIn-ის მმართველი დირექტორი და LinkedIn-ის ევროპის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „გააჩნია, რომელ თვესა და წელს შეხედავ. ზოგადად ევროპა ინარჩუნებს საკუთარ მუშახელს. თუ უკან გავიხედავთ, ბრექსიტის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში დიდი ცვლილებები მოხდა. ტალანტების დიდი ნაკადი გავიდა და  ევროპასა და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს დაუბრუნდა. შედეგად, გაერთიანებულმა სამეფომ უფრო მეტი პროფესიონალის მიზიდვა ევროკავშირის ფარგლებს გარედან დაიწყო. თუმცა ზოგადად ევროკავშირი ინარჩუნებს თავის საუკეთესო კადრებს. დიდი დავაა იმის შესახებ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი მიდის ამერიკაში Silicon Valley-ზე სამუშაოდ, განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში. მაგრამ ბრწყინვალე სტარტაპებია მთელ ევროპაშიც ტექნოლოგიურ სექტორში. მე ოპტიმისტურად ვუყურებ ხელოვნური ინტელექტისა და ევროპის მომავალს. მიმაჩნია, რომ ევროპას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. მაგრამ ასევე მგონია, რომ სასწრაფოდ, დღესვე, უნდა დაიწყოს მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება და გადახალისება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რათა ისინი მომავლის პროფესიებისთვის მოამზადო და არა იმ პროფესიებისთვის, რომლებიც წარსულს ჩაბარდნენ. და თუ ხელმძღვანელი პირი ხარ, უნდა გააცნობიერო, თუ რა გავლენის ქონა შეუძლია ამ ტექნოლოგიებს შენს ბიზნესსა და სტრატეგიაზე. ხოლო თუ დასაქმებული ხარ, უკვე უნდა მოსინჯო ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი. არ უნდა ჩამორჩე. სწორედ ახლაა ყველა ინსტრუმენტის ათვისების შესაფერისი დრო“.

ავტორი: ჰანა ბრაუნი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend