ბრიუსელში ამბობენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.
ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის თქმით, ბრიუსელში ჯერ კიდევ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსა და აფასებენ „ქართული ოცნების“ მიერ გაგზავნილ წერილს ევრორეკომენდაციების შესრულების საპასუხოდ:
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს ევროკომისიის მიერ ივლისში გამოგზავნილ წერილს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ მას. კომისია იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ევრორეკომენდაციების შესასრულებლად.
გასულ კვირას ქართულმა მხარემ დემოკრატიის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ქვეყანაში მოქმედი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებით. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ფუნდამენტურ უფლებებზე და მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიების იარაღად გამოყენების მცდელობა.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შეცვლისკენ“.
წერილის შინაარსი არ საჯაროვდება, თუმცა ბრიუსელში განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.