რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა დრონებითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტით, რასაც, ბოლო ინფორმაციით, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა ერთ-ერთი სამთავრობო შენობის თავზეც.
უკრაინულმა მხარემ უკვე დაადასტურა, რომ 7 სექტემბრის თავდასხმას ქალი და მისი სამი თვის შვილი ემსხვერპლნენ. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა გამოიყენა 810 დრონი, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ 747 დრონი და 4 რაკეტა გაანეიტრალეს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა, შეხვდეს პუტინს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აიძულოს მას ომის დასრულება.