სირიის ათწლიანი ომის შედეგად ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი დაზიანდა. ტერორისტული ორგანიზაცია „აისისის“ მებრძოლებმა სირიის უძველეს ქალაქ პალმირას არქეოლოგიური ძეგლები უმოწყალოდ გაანადგურეს. სამოქალაქო ომის შედეგად დაიბომბა ქალაქ ალეპოს ძველი უბანი. ქალაქის მუზეუმის დირექტორის განცხადებით, სირიაში ასეთი ნგრევა თემურლენგის შემოსევების დროსაც კი არ ყოფილა.
ათწლიანმა სისხლიანმა ომმა გაანადგურა სირიის აწმყო, საფრთხის ქვეშ დააყენა მისი მომავალი და დააზიანა მისი დიდებული წარსული. ქვეყანაში შემოჭრილი „აისისის“ ჯიჰადისტები არაფრად აგდებდნენ არც ადამიანების სიცოცხლეს და არც კულტურას. ტერორისტებმა უძველესი ქალაქი პალმირა ადამიანების სიკვდილით დასჯის მოედნად აქციეს. პალმირას მუზეუმის ხელმძღვანელი ამბობს, საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა, როცა ამას უყურებდა.
„ისინი შემოიჭრნენ მუზეუმში და ყველა ქანდაკების სახე და თავი დააზიანეს. სამწუხაროდ, ზოგი ქანდაკების წაღება ვერ მოვასწარით. ბავშვობაში უძველესი ქალაქის ნანგრევებში ვთამაშობდი ხოლმე. მახსოვს, ძველი სვეტების ქვეშ როგორ დავრბოდი. ახლა კი მეტირება, როცა ვუყურებ, თუ რა დაემართა ჩემს ქალაქს. როდესაც სირიულმა არმიამ გაათავისუფლა პალმირა, მე დავბრუნდი მუზეუმში და შემოსასვლელშივე წავიქეცი.“ – აცხადებს პალმირას მუზეუმის ხელმძღვანელი ხალილ ალ ჰარირი.
არანაკლებ დაზიანდა ქალაქი ალეპო. ქალაქის ძველი ნაწილი თითქმის მთლიანად განადგურდა. ადგილობრივი მუზეუმის დირექტორის განცხადებით, თემურლენგსაც კი არ დაუნგრევია იმდენი, რამდენიც ჯიჰადისტებმა გაანადგურეს.
„რომის მმართველობის პერიოდიდან დღემდე, ანუ უკანასკნელი ორი ათასწლეულის განმავლობაში, ალეპოს ამაზე დიდი ნგრევა არ უნახავს.“ – აცხადებს ალეპოს მუზეუმის დირექტორი მაამონ აბდელი კარიმი.
კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო სირიაში გართულდება ტურისტების მოზიდვა, რაც ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელია. სირიის დიდებული წარსულის დაბრუნება ჯერჯერობით ოცნებად რჩება.