საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მოგებული მატჩი შეაფასეს. მათ ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებსაც მიულოცეს ისტორიული გამარჯვება.
საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან გამარჯვება მოუტანა ხვიჩა კვარცხელიას, ნიკა გაგნიძისა და გიორგი მიქაუტაძის გოლებმა.
„თურქეთთან მარცხის შემდეგ ეს კარგი რეაბილიტაცია იყო. მუდმივად გვეფიქრებოდა იმაზე, თურქეთთან მოგების შემთხვევაში, ახლა რა მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია და უნდა მოვემზადოთ ოქტომბრისთვის მაქსიმალურად. ნაკრების კაპიტნობაზე ოცნებაც კი რთული იყო – ძალიან ბედნიერი ვარ. ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ სანამ კაშო (გურამ კაშია) ნაკრებში თამაშობს, ჩვენი კაპიტანი ის არის”,- განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ეროვნული ნაკრების მეკარემ. გიორგი მამარდაშვილმა თამაში შეაფასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„უკვე მერამდენე თამაშია, სტარტზე გვიჭირს. შემდეგ ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს, მაგრამ რამდენიმე შემთხევაში უკვე გვიანი აღმოჩნდა. დღესაც იყო შანსი, საწყის წუთებზე გაგვეშვა გოლი, მაგრამ გადავრჩით. სანაკრებო პაუზას ბედნიერი შევხვდი, რადგან ნაკრებში თამაში მინდოდა. ვიცოდი, რთული მატჩები გველოდა. კარგად იცით, პრემიერ ლიგაში ადაპტირება როგორი რთულია. ვფიქრობ, ჩემთვის ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. თავს ლივერპულის სრულუფლებიან წევრად ვგრძნობ. იმედია, სათამაშო დროც მალე მომეცემა“, – უთხრა მედიას გიორგი მამარდაშვილმა.
თამაშის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი საგოლე გადაცემის ავტორმა, ზურიკო დავითაშვილმა.
„თურქეთთან მარცხის შემდეგ ასეთი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და კარგი გოლებიც გავიტანეთ. ახლა გუნდში პოზიტიური განწყობით დავბრუნდები და გავაგრძლებ შრომას, რათა შემდეგი სანაკრებო შესვენებისთვის კარგ ფორმაში ვიყო. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს კარიერაში, ნაკრებში ჩამოსვლის დროს განწყობისა და მოტივაციის პრობლემა არ მქონია და არც მომავალში მექნება“ -ზურიკო დავითაშვილი.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩში ნაკრები 11 ოქტომბერს, გასვლაზე, ესპანეთს დაუპირისპირდება.