მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან მალე სატელეფონო საუბარი ექნება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან მალე სატელეფონო საუბარი ექნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უახლოეს მომავალში სატელეფონო საუბარი ექნება – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისთვის არანაირი გზავნილი არ აქვს, რადგან კრემლში მისი პოზიცია უკვე იციან.

დონალდ ტრამპი დასძენს, რომ თუ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იქნება, შედეგებს „ყველა დაინახავს“, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებას შეძლებს.

„პრეზიდენტი პუტინისთვის არანაირი გზავნილი არ მაქვს, მან უკვე იცის ჩემი პოზიცია და ის გადაწყვეტილებას ან ასე მიიღებს, ან ისე. რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ ან კმაყოფილი ვიქნებით ამით, ან უკმაყოფილო და თუ უკმაყოფილო ვიქნებით, მოვლენათა განვითარებას უკვე თავად ნახავთ. პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ძალიან მალე მექნება და მეტ-ნაკლებად გავიგებ, რას ვაპირებთ“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

პოლონური მედიის ერთ-ერთი ჟურნალისტი შეეცადა დაეზუსტებინა, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული მოსკოვის წინააღმდეგ, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებზე უარს იტყოდა. მის შეკითხვას, თუ რატომ შემოიფარგლება აშშ-ის პრეზიდენტი მხოლოდ სიტყვიერი იმედგაცრუებით, დონალდ ტრამპის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

„საიდან იცი, რომ არანაირი ქმედება არ მოჰყოლია? თქვენ ამბობთ, რომ ინდოეთისთვის, რომელიც ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდი მყიდველია, მეორადი სანქციების დაწესება არანაირი ქმედება არ ყოფილა? ეს რუსეთს ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდა. თქვენ ამას უმოქმედობას უწოდებთ? ჯერ არც მეორე და არც მესამე ფაზა არ დამიწყია, მაგრამ როდესაც ამბობთ, რომ უმოქმედოდ ვარ, სჯობს ახალი სამსახური იპოვოთ. თუ გახსოვთ, ორი კვირის წინ ვთქვი, რომ თუ ინდოეთი რუსულ ნავთობს იყიდდა, პრობლემები შეექმნებოდა და ასეც მოხდა. ამრიგად, ნუ მეუბნებით, რომ უმოქმედოდ ვარ”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ისაუბრა ევროპაში ამერიკელი ჯარისკაცების შესახებ სამომავლო გეგმებზე. პოლონეთის პრეზიდენტთან საუბრისას მან განაცხადა, რომ პოლონეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას არ გეგმავს.

„ვფიქრობ, რომ ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში დარჩებიან და თუ მათ ენდომებათ, მეტსაც განვათავსებთ. პოლონეთს დიდი ხანია სურს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა გავზარდოთ, თუმცა ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც პოლონეთზე მეტი სამხედრო გვყავს. ყოველ შემთხვევაში ჯარისკაცები პოლონეთში დარჩებიან, რადგან ძალიან ვუჭერთ მხარს მასთან თანამშრომლობას“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეკინში ჩინეთის სამხედრო აღლუმზე დასწრების შემდეგ განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში შეხვდეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend