მთავარიმსოფლიოNATOნატო რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ იბრძოლებს

ნატო რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ იბრძოლებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ალიანსი მუშაობს რუსეთის მიერ სამოქალაქო ავიაციის GPS სიგნალების ჩახშობის წინააღმდეგ. ეს განცხადება მან  მას შემდეგ გააკეთა, რაც ორი დღის წინ თვითმფრინავმა, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა, ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ფრენისას GPS ნავიგაციის სისტემა დაკარგა.

თვითმფრინავი 31 აგვისტოს უსაფრთხოდ დაეშვა, თუმცა ბულგარეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ სამოქალაქო ავიაციის GPS სიგნალების ჩახშობის უკან რუსეთი დგას. მარკ რუტემ ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ, განაცხადა:

„მთელი კონტინენტი რუსეთის პირდაპირი საფრთხის ქვეშაა. ახლა ჩვენ ყველანი აღმოსავლეთის ფლანგზე ვართ, მნიშვნელობა არ აქვს ლონდონში ცხოვრობ თუ ტალინში. დარწმუნებული იყავით, რომ დღე და ღამე ვმუშაობთ, რათა ამას შევეწინააღმდეგოთ, თავიდან ავიცილოთ და უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი ამას ვეღარ გაიმეორებს”.

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ლუკ ფრიდენი და ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრი პრესკონფერენციაზე, ლუქსემბურგი, 2 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo

რუსული ჰიბრიდული საფრთხეები

ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ მომხდარი ფაქტი რუსეთის უფრო ფართო ჰიბრიდული კამპანიის ნაწილია, რომელიც მოიცავს ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ენერგეტიკული და საკომუნიკაციო კაბელების გადაჭრასა და ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასაც.

„ყოველთვის მძულდა სიტყვა ,,ჰიბრიდული“, რადგან ეს თითქოს უწყინრად ისმის, მაგრამ სწორედ ეს არის – სამოქალაქო თვითმფრინავების სიგნალების ჩახშობა, რაც პოტენციურად კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს“, – განმარტა მარკ რუტემ.

ევროპაში მსგავსი დივერსიული მოქმედებები სულ უფრო ხშირად ხდება. ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა „ჰიბრიდული ომი გაუმართლებლად მავნე და უკიდურესად უგუნურად“ შეაფასა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლელი ოფიციალური პირები რუსეთსა და მის მოკავშირეებს ჰიბრიდული თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ – დაწყებული ვანდალიზმით, დამთავრებული ხანძრებითა და მკვლელობის მცდელობებით.

რუსული ჩარევა მოიცავს ძლიერი რადიოსიგნალის ჩახშობას, რომელიც ანადგურებს კომუნიკაციის შესაძლებლობას და სისტემა შეცდომაში შეჰყავთ.

„რუსეთის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. ერთ დღეს ეს შესაძლოა ლუქსემბურგსაც შეეხოს, შემდეგ კი ნიდერლანდებსაც“, – თქვა რუტემ.

მისი თქმით, რუსეთის უახლესი რაკეტების ტექნოლოგიის გამო ლიეტუვასა და ლუქსემბურგს შორის განსხვავება მხოლოდ 5-10 წუთია – ეს დრო საკმარისია, რომ რაკეტამ ევროპის ნებისმიერ ქალაქს მიაღწიოს.

ბულგარეთის პოზიცია

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავის GPS-ის ჩახშობის ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებენ, რადგან „ასეთი შემთხვევები ყოველდღიურად ხდება“.

მისი თქმით, ეს არის რუსეთის ომის შედეგი, რომელიც მთელ ევროპაში იგრძნობა.

მომხარ ფაქტზე არც კრემლს და არც ურსულა ფონ დერ ლაიენს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend