მთავარიევროპაგერმანიაNorthern Coasts - გერმანიის საზღვაო მანევრები

Northern Coasts – გერმანიის საზღვაო მანევრები

ნატოს წევრი სახელმწიფოების ათეულობით საზღვაო ხომალდი ბალტიის ზღვაში გამოჩნდა. სამხედრო მანევრების უმთავრეს მიზნად გამოცხადდა შეკავების შესაძლებლობების დახვეწა.

სამხედრო საზღვაო სწავლება „ჩრდილოეთ სანაპიროები“ მასშტაბური მანევრების ნაწილია, რომლის დასახელებაცაა „კვადრიგა 2025“ და ამ წვრთნებში ჩართულია 14 სხვადასხვა ქვეყნის 8,000-ზე მეტი სამხედრო, 40 გემი, 30 საფრენი აპარატი და 1,800-ზე მეტი ერთეული სხვა ტიპის სატრანსპორტო ტექნიკა. სწავლების ამოცანებში შედის ასევე საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ლოგისტიკური ოპერაციების შესრულების დახვეწა.

„რაც შეეხება მონაწილე ქვეყნებს – გერმანიის გვერდით არიან ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები, ასევე შვედეთი, ფინეთი, დანია, პოლონეთი, ასევე უფრო შორეული პარტნიორები: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ბელგია, ნიდერლანდები და კანადა. 12 სექტემბრამდე ზღვაში 40-ზე მეტი საზღვაო საშუალება იქნება წარმოდგენილი მოკავშირე ფლოტებიდან. თუ ამას ვიზუალურად წარმოიდგენთ – საკმაოდ შთამბეჭდავი მასშტაბია“, – ამბობს ვიცე-ადმირალი იან კრისტიან კააკი, გერმანიის საზღვაო ძალების ინსპექტორი.

სექტემბერში ბელარუსისა და რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს, სახელწოდებით „დასავლეთი 2025“, როგორც ცნობილია პოლონეთმაც უპასუხა მასშტაბური სამხედრო სწავლებით. თუკი ვარშავის სამხედრო მანევრების აქცენტი ძირითადად სახმელეთო ოპერაციებზე კეთდება, ბერლინის სამხედრო მანევრები საზღვაო არეალშია დაგეგმილი. ბუნდესვერის მაღალი რანგის ოფიცრები განმარტავენ, თუ რა არის ამ წვრთნების უმთავრესი ამოცანა.

„პუტინი გვაკვირდება, მისი გეგმები უკრაინას სცილდება. ჩვენ სამხედრო ძალები სწორედ ამისთვის უნდა მოვამზადოთ.  ჩვენი მიზანია შეკავება. სწორედ ამიტომ ვაჩვენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, როგორც ალიანსის, ისე ბუნდესვერის ფარგლებში – შიგნითაც და გარეთაც. ეს ყველაფერი კონკრეტულ კონტექსტში ხდება: ორ კვირაში იწყება რუსეთის მასშტაბური წვრთნა „დასავლეთი“, რომლის მთავარი არეალია ბელარუსი, პირდაპირ ლიტვისა და ნატოს საზღვართან.  მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა – ჩვენი მიზანია შეკავება და არა ესკალაცია. ჩვენ ვვარჯიშობთ მხოლოდ თავდაცვისათვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსკოვი საკუთარ წვრთნებს გაურკვევლობის შესაქმნელად იყენებს და პარალელურად თვითონვე საუბრობს „ესკალაციაზე“. ჩემი აზრი მარტივია – ამ მახეში არ უნდა გავებათ“, – ამბობს ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი გენერალი კარსტენ ბროიერი.

ბუნდესვერში ასევე განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ რუსულ-ბელარუსული მანევრების საფარქვეშ რაიმე თავდასხმა მზადდება, თუმცა ასევე ამბობენ, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები და ზოგადად ნატო ფხიზლადაა. ბალტიის ზღვაში დაგეგმილი საზღვაო მანევრებისას კი უმნიშვნელოვანესი სამხედრო ამოცანების შესრულება შემოწმდება. ასევე შემოწმდება მოკავშირეთა სამხედრო საშუალებების ურთიერთთავსებადობა, თუ როგორ მოქმედებენ საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და კონკრეტული იერიშების მოსაგერიებლად.

„ამ წვრთნებს ორი ძირითადი ამოცანა აქვს: პირველი – უზრუნველვყოთ საზღვაო საკომუნიკაციო გზების უსაფრთხოება ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან, გერმანიის გავლით, ბალტიისპირეთამდე. მეორე – შევაჩეროთ შესაძლო საფრთხე ბირთვული შემტევი საშუალებებისგან, რაც პოტენციური მოწინააღმდეგის მხრიდან შეიძლება წარმოიშვას“, – თქვა გერმანიის საზღვაო ძალების ინსპექტორმა ვიცე-ადმირალმა იან კრისტიან კააკმა.

ბუნდესვერში თქვეს, რომ სამხედრო წვრთნები თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად დაიგეგმა. ყურადღება ეთმობა საზღვაო და საჰაერო უპილოტო სისტემების საწინააღმდეგო მოქმედებას. შესაბამისად, სამხედრო მანევრების დროს შემოწმდება ის ახალი სისტემებიც, რომლებიც გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა უახლოეს პერიოდში შეიძინეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend