მთავარიაზიაჩინეთი„ერთად ვიყავით მაშინ და ერთად ვართ ახლაც” - პუტინი სი ძინპინს...

„ერთად ვიყავით მაშინ და ერთად ვართ ახლაც” – პუტინი სი ძინპინს შეხვდა

პეკინში ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა პირისპირი შეხვედრა გამართეს. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს 3 სექტემბერს ჩანიშნულ სამხედრო აღლუმთან დაკავშირებით სტუმრობს, რა დღესაც ქვეყანა იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავს ზეიმობს.

საუბრისას ჩინეთის ლიდერმა რუსი კოლეგა „ძველ მეგობრად” მოიხსენია და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ისედაც მაღალ ნიშნულზეა.

ხაზი გაესვა, რომ მხარეები გლობალური მმართველობის განსხვავებულ მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას, რის დამკვიდრებაშიც ერთად იმუშავებენ. ორმხრივ შეხვედრამდე გაიმართა სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, ჩინეთისა და მონღოლეთის ლიდერებს შორის, სადაც ითქვა, რომ მხარეები პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული კავშირების განვითარების თაობაზე საერთო ხედვას იზიარებენ.

„1959 წლიდან 1993 წლამდე ჩვენ მუდმივად ვესწრებით ერთმანეთის გამარჯვების ცერემონიებს მსოფლიოს ანტიფაშისტურ ომებში. ეს კი ორმხრივი ურთიერთობის ძალიან კარგი მაგალითია. ჩინეთი და რუსეთი დარჩნენ ერთგულები საკუთარი თავდაპირველი მისწრაფებებისა და მყარად დგანან ამ კურსზე, რაც ნაყოფიერ თანამშრომლობას გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით. ჩინეთს აქვს ნება, იმუშაოს რუსეთთან, რათა მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის განვითარებასა და განახლებას, მტკიცედ დავიცვათ სამართალი, ასევე ხელი შევუწყოთ გლობალური მმართველობის უფრო  სამართლიან და თანასწორ  წესრიგს”, – მიმართა ჩინეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას.

„ძვირფასო მეგობარო, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა ასახავს სტრატეგიულ ხასიათს, რომელიც ახლა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა. მეორე მსოფლიო ომის წლებში ჩვენს ქვეყნებს საკვანძო როლი ჰქონდათ, გამარჯვებაში იქნებოდა ეს ევროპული თუ აზიური საომარ სცენები. ესაა მტკიცებულება საერთო მზაობისა, რათა დავიცვათ ისტორიული სიმართლე და სამართლიანობა.

როგორც მოსკოვში, ისე პეკინში ამ დიდი გამარჯვების იუბილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობა. სამხედრო ძმობის ხსოვნა, ნდობა, საერთო სარგებელი არის ჩვენი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების საფუძველი უკვე ახალ ეპოქაში, ერთად ვიყავით მაშინ და ვრჩებით ერთად ახლაც”, – აღნიშნა საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ დღესთან დაკავშირებით ჩინეთში ათობით ქვეყნის ლიდერია ჩასული, რომლის ნაწილთანაც გუშინ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” შეხვედრა გაიმართა. იქ ჩინეთის, რუსეთისა და ინდოეთის ლიდერები კავშირების გაძლიერებასა და ახალი, მრავალმხრივი სამყაროს ჩამოყალიბებაზე საუბრობდნენ. მალე მათ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინიც შეუერთდება, რომლის შეჯავშნულმა მატარებელმაც ჩინეთის საზღვარი უკვე გადალახა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend