პატიმრობაში მყოფი პოეტის ზვიად რატიანის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკოსგან საქმე გადაიბარა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა.
27 აგვისტოს სასამართლო პროცესზე შესავალი სიტყვები თქვეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
პოეტის უფლებადამცელებს – ქეთი ჩუთლაშვილსა და მარიამ პატარიძეს მიაჩნიათ, რომ ზვიად რატიანის პატიმრობა სადამსჯელო ხასიათისაა. მათივე განმარტებით, სასამართლოს შეეძლო დაეკმაყოფილებინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით.
ადვოკატებმა გაიხსენეს საპოლიციო ძალებისა და დღემდე უცნობი, შავფორმიანი პირების მხრიდან, სხვადასხვა დროს პოეტზე განხორციელებული თავდასხმები. უფლებადამცველებმა მაგალითად მოიყვანეს 2024 წლის ნოემბრის პროევროპული საპროტესტო აქცია, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ათობით თანამშრომელი ზვიად რატიანს ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეებზე არავინ არის დასჯილი.
ქართველი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი 23 ივნისს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დააკავეს. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც “პოლიციელზე თავდასხმას” გულისხმობს.
გამოძიების ვერსიით, მან 23 ივნისს სილა გააწნა დიდუბე-ჩუღურეთის საპოლიციო განყოფილების თანამშრომელს, თეიმურაზ მეშველაშვილს. პროკურატურის მთავარი მტკიცებულება რუსთაველის გამზირისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერია.
საქმეზე მომდევნო სხდომები 9 და 16 სექტემბერს დაინიშნა, რა დროსაც დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა.