პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული რვა პირის საქმის ცხრათვიანი განხილვა დასრულდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სათათბიროდ გავიდა.
ახლა ყველა მისი საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია – პატიმრობაში მყოფი რვავე პირი, მათი ოჯახების წევრები და მეგობრები. მრავალწლიანი პატიმრობა თუ გათავისუფლება – თამარ მჭედლიშვილი განაჩენს, სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გამოაცხადებს.
საქმის ბოლო პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლეს. მათ სიტყვებს სხდომათა დარბაზში დამსწრეები ემოციებით შეხვდნენ. არქივში ეს კადრები „სასამართლოების შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებების გამო ვერ შევა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილის საბოლოო სიტყვა:
„მე ვარ 20 წლის სტუდენტი, აფხაზეთიდან დევნილი, თბილისში გაზრდილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი… რატომ ისროლა ჯავახიშვილმა ფეიერვერკი ჰაერში, რატომ გააკეთა ეს? ბატონო მოსამართლე, ვფიქრობ, როცა გადაწვეტილების მისაღებად გახვალთ, ეს კითხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება – ისროლა თუ არა პოლიციელების მიმართულებით, მიიღო თუ არა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა? ამ კითხვაზე სწორი პასუხი არის არა. კი, ვიდეოზე მე ვარ, მაგრამ ბატონი ვაჟა და ვახტანგი, რასაც მედავებიან კატეგორიულად უარვყოფ.
მოგიყვებით, როგორ განვითარდა მოვლენები 28 ნოემბერს. მე და მარიამი გზაში ვიყავით, ბათუმიდან მოვდიოდით როცა ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებდა. ჩამოვედით [თბილისში] და გავედით აქციაზე მშვიდობიანად, არავის დავსხმივარ თავს… ღამის საათები იყო, როცა ჩემთან მოვიდა შენიღბული პირი და მითხრა ფოიერვერკი დამიჭირე ერთი წუთით, უარი ვუთხარი – პირველი ის, რომ უცნობი იყო შენიღბული, მეორე ის რომ ფითილზე მოკიდებული ჰქონდა ფეიერვერკს მან ძირს დააგდო და გაიქცა, დავუყვირე, რას აკეთებ-მეთქი, შევაგინე და ხელში ავიღე ინსტიქტურად, არავინ რომ არ დაზიანებულიყო. ხელში როცა ავიღე, მაღლა აღვმართე. ერთი გასროლა იყო… გავიქეცი რამდენიმე მეტრით წინ, რადგან ხალხის სიმჭიდროვე იყო. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, არავინ რომ არ დაზარალებულიყო.
ჩემსა და პოლიციელებს შორის დაშორება იყო 600 მეტრი, ჩემი მოქმედებები საფრთხე არ იყო არც პოლიციელებისთვის, არც საზოგადოებისთვის. სწორედ იმიტომ ავიღე ძირს დაგდებული, რომ ვინმე ან რამე არ დაზიანებულიყო, როგორ ვარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე, როცა ერთმანეთსაც არ ვიცნობთ… ერთადერთი ადამიანი დამრჩა მარიამი, რომელზეც ვნერვიულობდი…
აქ ყოფნისას ვისწავლე სიყვარული და თავისუფლება… ვისწავლე ადამიანების პატივისცემა… მგონია, რომ ტანჯვა რომელსაც გავდივარ, დროებითია და ვითმენ. შეიძლება, სამართალი ურმით დადის და ამიტომ ველოდები, როდის მოვა… ვისწავლე თავის კონტროლი…
საახალწლოდ მე და მარიამს ბაკურიანში წასვლა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ [ახალ წელს] ოთხ კედელში შევხვდი. მინდოდა, დაბადების დღეზე საზღვარგარეთ წავსულიყავი და ხელი მეთხოვა, მაგრამ ციხეზე მოვაწერე ხელი…
ბევრჯერ მითხრეს, პროკურორებს ბატონოთი რატომ მიმართავო? მე ჩემი მეობა, ჩემი პირადი აზრი და ინდივიდუალურობა მახასიათებს. მერე რა, რომ ფეიერვერკის ჰაერში სროლის გამო ოთხი წლით მიშვებენ ციხეში? არ შეიძლება, სამყაროს უყურო ცალი თვალით, ორი თვალით უნდა უყურო… იყავი ადამიანი, იყავი მოწყალე იყავი მშვიდი, აკეთე სიყვარული და სიკეთე… მივუტევოთ, ვაკეთოთ სიკეთე, ერთმანეთს დაველოდოთ და სიყვარულში გავატაროთ ცხოვრება…“
მის შემდეგ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ზვიად ცეცხლაძემ. მას გამოძიება „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას“ ედავება:
„როცა პროკურორების სიტყვას ვუსმენდი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე, გადაუარეს რუსთაველს, ააოხრეს და წავიდნენ. თითქოს, აქამდე არაფერი მომხდარა ან მათ წინააღმდეგ რაიმე ქმედება არ იყო ჩადენილი…
რატომ გავედი აქციაზე? ჩემი, ზვიად ცეცხლაძის ერთადერთი მოტივი არის, რომ რაიმე დადებითი შევძინო ამ ქვეყანას… ერთადერთი იდეა, რაც მამოძრავებდა იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფორმა, რის შესახებაც იურისპრუდენციის საწყისებში შევიტყვე, ნაშრომებში წავიკითხე, როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს საზოგადოება ხელისუფლებას და კანონებს. სამოქალაქო დაუმორჩილებობა არ არის ანარქია. ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტები უნდა გაჯანსაღდნენ…
ადამიანი, რომელიც გამოდის რაღაცის წინააღმდეგ, მიისწრაფის, რომ ეს სტრუქტურები გამოასწოროს, სადაც ხარვეზს ხედავს და არა დააზიანოს და გაანადგუროს. ჩემთვის ამის მაგალითი სოკრატეს აპოლოგიაა და კარგად მივხვდებით წინააღმდეგობა რა ფუნდამენტზე დგას.. როცა სოკრატეს ბრალი დასდეს ახალგაზრდების გარყვნაში, ათენის სასამართლომ ღია სასამართლო ჩაუტარა, ის გამოვიდა ღია აპოლოგიით და თქვა, რომ უდანაშაულო იყო და ნასამართლეობა არ ჰქონია, მაშინ სასამართლოს განაჩენი იყო – თავად შეაფასე რა სასჯელს იმსახურებო…
კი ბატონო, მე ვარ უდანაშაულო, მაგრამ მე, მოქალაქე, რომელიც ვემსახურებოდი მთელი ცხორება ათენის კანონებს, მე რომ ეს კანონები ჩამოვშალო და გავიქცე, დავანგრევ ათენის დემოკრატიის ინსტიტუტს და მე არ შემიძლია ეს დავუშვა… სოკრატეს უდანაშაულობაც კი არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ეს ინსტიტუტი ჩამოეშალა, როცა მისი საქმიანობა ამ ინსტიტუტის გაჯანსაღებას ემსახურებოდა…
ამაზე იდგა ჩემი და ახალგაზრდების ემოციური ფონი, რომლებიც გამოვიდნენ, რადგან უნდათ უკეთესობისკენ შეეცვალათ რაიმე… ყველაზე კარგი მაგალითია, რომ [2024 წლის] აპრილი-მაისის აქციებზე ახლაგაზრდები გამოდიოდნენ და ცეკვა-თამაშით მიჰყავდათ პროტესტი… აღმოჩნდა, რომ დეკემბრის ბოლოს ეს ახალგაზრდები, რომლებიც არაფერს აშავებდნენ, არიან მოძალადეები, თურმე სცოდნიათ ქვის სროლა, სცოდნიათ მოლოტოვების დამზადება და ყოფილან რადიკალები. არავინ სვამს კითხვას – რამ გამოიწვია ეს დაპირისპირებები? ან საზოგადოების ნაწილი რამ მიიყვანა დაპირისპირებამდე? რას სჩადიოდა სამართალდამცველებად წოდებულთა უმრავლესობა?”
საბოლოო სიტყვის თქმისას, ზვიად ცეცხლაძემ ხაზი გაუსვა ბრალდებულებისადმი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის დამოკიდებულებას და ის დადებითად შეაფასა. მისი თქმით, მოსამართლე აძლევს საშუალებას მათ, ჰქონდეთ კომუნიკაცია სხდომათა დარბაზში მოსულ ოჯახების წევრებთან და ახლობლებთან.
ზვიად ცეცხლაძემ ისაუბრა ბრალდების მხარის მტკიცებულებებზეც და ახსენა დემონსტრანტების მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე:
„ჩვენ მოვყევით ალყაში და უსასტიკესად გვცემეს, სათვალე გადამალეწეს, ფეხსაცმელების გარეშე მომიწია ასვლა უნივერსიტეტამდე ისე გვცემეს”.
მანვე თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები „სიცოცხლის დაცვის უფლების რეჟიმში იყვნენ”.
„ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას“ ედავება პროკურატურა ვეფხია კასრაძესაც. სახელმწიფო ბრალდებას მის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებად საქმეში დართული აქვს ტელეკომპანია „იმედის“ „ფეისბუკის“ გვერდზე ატვირთული ვიდეო, სადაც ის ვასილ კაძელაშვილთან ერთად იმყოფება.
„მე ზუსტად ვიცი, რა გავიარეთ ჩვენ 90-იან წლებში, ძალიან დიდი შიში მქონდა, ეს დაპირისპირებაში არ გადასულიყო და ჩემს თავს ვალდებულად მივიჩნევდი, როგორც ომის ვეტერანი, რომ საზოგადოებასა და სპეცრაზმს შორის არ მომხდარიყო დაპირისპირება, რადგან იქით მხარეს შეიძლება იდგნენ ისინი, ვისთან ერთადაც ბრძოლაში ვიყავი, მეორე მხარეს კი იდგა ბრილიანტის თაობა.
ბევრჯერ მომიწოდებია ადგილზე მშვიდობისთვის, მე მოვუწოდებდი ორივე მხარეს, რომ დაწყნარებულიყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს მოწოდებაზე სიტუაცია დამშვიდდა, მე პოლიციელებს ვკითხე, შეეცადეთ, რომ ეს ხალხი დაგემშვიდებინათ? პარტიაშიც კი დავაყენეთ საკითხი, იქნებ ჩვენ შუაშიც ჩავდგეთ, რანაირად შევძლებდით პროცესის გაკონტროლებას? ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება…
დედა მიყვებოდა ხოლმე, როგორც არ უნდა გამეკოჭე, მარჯვენა ხელს იძრობდი, ნაჭერი ხელში გეჭირა და დროშასავით აქნევდიო, ალბათ თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი იქიდანვე ჩამებეჭდა და მოვედი აქამდე. არ ვნანობ, მე ვარ უკანონო პატიმარი… ან მოვიპოვებ თავისუფლებას ან ამ ბრძოლას შევეწირები…” – თქვა ვეფხია კასრაძემ.
საბოლოო სიტყვა თქვა გიორგი გორგაძემაც:
„არაფერია სანერვიულო, ოთხი წელი გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება და მეც, ჩემი და თქვენი ოჯახებიც ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ როგორშიც გვინდა… ჩემთვის ბრალდება გაუგებარი იყო და ეს ბიჭები სასამართლოს ე.წ. „ფუქსებში” გავიცანი. არც ვიცოდი, რომ მათთან ერთად საერთო საქმეს მედავებოდნენ, სასაცილო იყო… ალბათ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება… ამ ქვეყანაში სამართალი დაკარგულია…
საკმაოდ მხნედ შევხვდი ამ ყველაფერს.. არ შემშინებია არაფრის, არც ციხის კედლები შემაშინებს და არაფერი ცხოვრებაში, როცა ჩემს ქვეყანას ეხება…
ტელევიზიაში ხშირად მესმის ფრაზა „რადიკალები”. ბევრი ადამიანი შემიძლია მოვიყვანო და ჩემი პიროვნება დაახასიათოს, ქალბატონო თამარ. ალბათ, თქვენც მოგიწევთ ჩემი დახასიათება, არ ვიცი როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა… იმედია, ამას გაითვალისწინებთ, რომ მე არ ვარ ეგეთი ადამიანი, „მოძალადე რადიკალი”, ვიღაც რომ მომეკლა… არ ჯდება ჩემში, შეიძლება ჭიანჭველას არ დავადგა ფეხი…
დაკავების წუთიდან დუმილის უფლებას ვიყენებ და ახლა ვარღვევ დუმილის უფლებას – უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს და, იმედი მაქვს თქვენი, ქალბატონ თამარ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ და, იმედია, ეს საქმე ისტორიას დარჩება…
შარშან [ფეხბურთში] ევროპის ჩემპიონატზე გავედით [საქართველოს ნაკრები]… იქ ყველანი ერთად ვიყავით… სამართლიანი განაჩენის შემთხვევაში 2026 წელს ამერიკაში შევხვდებით და ვიზეიმებთ გამარჯვებას. დაიმახსოვრეთ, ზღაპრის ბოლო კეთილია!”
აქციებისას დაკავებულმა თორნიკე გოშაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რა იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისი მისვლის მოტივი. მან გაიხსენა უგონო მდგომარეობაში მყოფი ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავში წიხლს ურტყამდნენ:
„თქვენც ხვდებით, ბატონო მოსამართლე, რომ ის ბიჭი უგონო მდგომარეობამდე უჰაერობას არ მიუყვანია. ვიდექი აქციაზე, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა, ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა – რუსეთი არის მტერი! ამ ბიჭებს არათუ არ ვიცნობდი, ამ პატარა ქვეყანაში მეგობრობის კუთხით და ნათესაობით ნაცნობიც კი ვერ გამოვნახე…
მან გაიხსენა მასსა და პოლიციელებს შორის გამართული დიალოგი. თორნიკე გოშაძე ამბობს, რომ იკითხა, რატომ შემოვიდნენ თვითნებურად მის ეზოში და რატომ არ იღებდნენ ჩხრეკას ვიდეოზე. როგორც აცხადებს, პასუხად მიიღო, რომ არავის აფრთხილებენ წინასწარ, როცა აკავებენ და კამერაზე უთხრა, რომ არ ცათვალა საჭიროდ.
თორნიკე გოშაძის თქმით, არც ადვოკატთან დარეკვის უფლება მისცეს და არც უფლებები გააცნეს:
„პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, თუ რაიმე ნივთი მქონდა კანოსაწინააღმდეგო, საკუთარი ხელით გადამეცა და ტყუილად ნუ გავაწვალებდი. ვუპასუხე, რომ ეზო და სახლი რომ გადაეტრიალებინათ, ასეთ ნივთს ვერ იპოვიდნენ… მათი პასუხი იყო – „ბევრს ნუ ტლიკინებ”, მაგიდაზე ჩემს წინ დააწყობდნენ ნივთიერებას, რომელზეც ვერ დაამტკიცებდა, რომ მისი არ იყო. გააკეთეს კიდეც ეს…
დროშას მინდა შევეხო, რომელიც არაფერთან ასოცირდება გარდა სოლიდარობისა და სამშობლოს სიყვარულისა. მაშინ აქციებთანაც ასოცირდებოდა, წამოღებული მქონდა ცრემლსადენი კაფსულა აქციიდან… როცა კაფსულა ვაჩვენე, მითხრეს – არ გვაინტერესბო – გამიკვირდა, რადგან აქციაზე დამადასტურებელ მტკიცებულებას ეძებდნენ…
არანაირი მიზეზი არ არსებობს, დამნაშავედ რომ მცნოთ… მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ უდანაშაულო ვარ…
მე მყავს მეგობრები და ახლობლები, რომლებსაც ბევრჯერ აქვთ მოყოლილი, როგორ მეცადინეობდნენ სანთლის შუქზე… მე არ ვიცი, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პროფესიის მწვერვალი, მაგრამ, მჯერა, რომ მანტია და სკამი ციდან არ ჩამოვარდნილა… არ ვცდილობ თქვენი გულის მოგებას ან თქვენზე ზეგავლენის მოხდენას, არ მინდა ჩემი სიმართლე დაიკარგოს და თქვენი სამართლიანობა და ობიექტურობა ეჭვქვეშ დადგეს…
თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილების და ოცნების დარღვევა და საპყრობილეში გამომწყვდევა დღეს თქვენ ხართ დაზარალებულიც, ბრალდებაც, დაცვაც, მოწმეც, ყველა მხარე… არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი და არც თქვენი სახე. რატომ? ეს თქვენს სამართლიანობაზე იქნება დამოკიდებული”.
მანამდე კი იყო დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები. ადვოკატებმა კვლავ გაიხსენეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და თქვეს, რომ საქმეში არსებული არც ერთი ნივთიერი თუ ფოტო-ვიდეომტკიცებულება არ არის არც სანდო და არც საკმარისი დაკავებულთა ბრალეულობის დასამტკიცებლად.
მხარეებს არ უსარგებლიათ რეპლიკებით. პროკურორებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ სასამართლოსგან სასჯელის ყველაზე მკაცრ ზომას, პატიმრობას მოითხოვენ.