პოლონეთის თავდაცვის ძალები მასშტაბური მანევრებისთვის ემზადებიან. „რკინის მცველი 2025“ – ასე ეწოდება სწავლებას, რომელშიც პოლონეთიდან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებიდან რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამხედრო მანევრები დაგეგმილია ბალტიის ზღვაში, ასევე კალინინგრადისა და უკრაინის მიმართულებაზე. პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ ამ სწავლების ერთ-ერთი მიზანია სამხედრო დანაყოფების შესაძლებლობების შემოწმებაც, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებენ სამხედრო ტექნიკას – მაგალითად ამერიკულ საბრძოლო ტანკებს – „აბრამსებს“.
„წვრთნები სახელწოდებით „IRON DEFENDER-25” არის პოლონეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლება, რომელიც 2025 წელს დაიგეგმა. მასში მონაწილეობას მიიღებს 34 000 ჯარისკაცი პოლონეთიდან და ნატოს წევრი ქვეყნებიდან. სწავლებები ჩატარდება ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში, ასევე კიბერსივრცეში. ძალების გადაადგილება განხორციელდება საავტომობილო და სარკინიგზო მარშრუტებზე. მანევრები ოპერატიული ურთიერთქმედების გამოცდაა, ასევე ეს წვრთნები შეკავების შესაძლებლობებისა და ნატოს ტერიტორიის ერთობლივი დაცვის დემონსტრირებასაც წარმოადგენს“, – აღნიშნულია პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
ცნობილია, რომ სექტემბერში პოლონეთის მოსაზღვრედ, ბელარუსში, მოსკოვი და მინსკი ერთობლივ სამხედრო სწავლებას, „დასავლეთი 2025“-ს გეგმავს. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის შეფასებით, რუსულ-ბელარუსული წვრთნები 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ მანევრებად მიიჩნევა. მინსკისა და მოსკოვის მიერ დაგეგმილ სწავლებას თან ერთვის ბირთვული შანტაჟიც. 13 აგვისტოს ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა აღნიშნა, რომ წვრთნების დროს დამუშავდება ბირთვული შეიარაღების – „ორეშნიკის“ გამოყენების პრინციპები. თუმცა ბელარუსში ვერ მალავენ უკმაყოფილებას პოლონურ სამხედრო მანევრებთან დაკავშირებით.
„წვრთნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყნების ქმედებებმა სულ უფრო აგრესიული ხასიათი მიიღო. აგვისტო-სექტემბერში როგორც ნატოს, ასევე ამ ქვეყნების ეროვნული შეიარაღებული ძალების წვრთნების რაოდენობა 6-დან 10-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა „რკინის მცველი“, რომელიც სექტემბერში პოლონეთში გაიმართება. ამ სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ წვრთნების ამ სერიაში 34 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 600 ერთეული სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება, რაც რამდენჯერმე აღემატება „დასავლეთი 2025“-ის მონაწილეთა რაოდენობას. მანევრებში ყველა პოლონური დივიზიის სამხედრო ფორმირებები, ასევე უცხოელი სამხედროები ჩაერთვებიან. წვრთნების ჩატარების ძირითადი ადგილები პოლონეთის აღმოსავლეთ რეგიონებია. ეს ნიშნავს, რომ მანევრები ჩვენი საზღვრების სიახლოვეს გაიმართება“, – ამბობს გენერალ-მაიორი ვალერი რევენკო, ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე.
მიუხედავად ბელარუსი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებებისა, პოლონეთის თავდაცვის უწყება გეგმას მიჰყვება და უახლოეს დღეებში მნიშვნელოვან სამხედრო წვრთნებს გამართავს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ ხაზი გაუსვა „რკინის მცველის“ მნიშვნელობას და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.
„წელს ჩვენ გვინდა ჩავატაროთ უმნიშვნელოვანესი ესკადრილის სწავლებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მე-18 დივიზია. „რკინის მცველი“ — ამ კოდური სახელწოდებით მიმდინარე წელს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში, რამდენიმე წლის შესვენების შემდეგ, პირველი დივიზიური სწავლება გაიმართება. ეს სწავლება აუცილებელია ვარჯიშისთვის, მომზადებისთვის და ოპერატიული უნარების დასახვეწად. პოლონეთის არმიის რიცხოვნობა იზრდება. იზრდება სპეციალისტთა რაოდენობა, ფართოვდება აქტიური რეზერვი, შევქმენით ტერიტორიული თავდაცვის ახალი ბრიგადები. ჩვენ დავასრულეთ ფორმირების პროცესი და შევქმენით ბრიგადები. დავაჩქარეთ სასაზღვრო თავდაცვითი კომპონენტის შექმნა და ეს კომპონენტი გავაფართოვეთ ორიდან ოთხ ბრიგადამდე“, – თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
პოლონური სამხედრო მანევრები ოფიციალური ინფორმაციით, 30-ზე მეტ სხვადასხვა შინაარსის სამხედრო სწავლებას მოიცავს. შემოწმდება პოლონური მე-18 დივიზიის ახალი შეიარაღება და ცეცხლის მართვის სისტემები. წვრთნები სამ სხვადასხვა საწვრთნელ პოლიგონზეა დაგეგმილი.