რუსეთი გეგმავს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს „წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების შესახებ“ ევროპული კონვენცია.
შესაბამის განკარგულებას ხელს აწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი. ამის შემდეგ დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო დუმაში განსახილველად გადაიგზავნება, დამტკიცების შემთხვევაში კი, მას ხელი ვლადიმერ პუტინმა უნდა მოაწეროს.
სამართლებრივი აქტების გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია:
„კენჭი ეყაროს და წარედგინოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეთავაზება რუსეთის ფედერაციის მიერ სტრასბურგში 1996 წლის 28 თებერვალს ხელმოწერილი „წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების შესახებ“ ევროპული კონვენციის დენონსაციის შესახებ“.
26-წლიანი წევრობის შემდეგ, რუსეთი ევროსაბჭოდან 2022 წელს გარიცხეს. მიზეზი უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო. მოსკოვმა ასევე აცნობა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს „ადამიანის უფლებების შესახებ“ ევროპული კონვენციის დატოვების შესახებ.