ბრიუსელში 16-17 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი. იქამდე კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის. ეს გახლავთ კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ დიალოგში ჩაერთვება. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთნ მოლაპარაკებებს გამართავს.
პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის. მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად კრისტიან დანიელსონი დანიშნა. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კრისტიან დანიელსონი მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან. ამ ფაქტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
„პრეზიდენტი მიშელის პირად წარმომადგენლად შვედი დიპლომატის დანიშვნამ, ყველა უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ევროკავშირი სტრატეგიულ ამოცანად მიიჩნევს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, მოლაპარაკებების გზით“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
„პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის ჩამოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მძლავრი სიგნალი არის ხელისუფლებისთვის, რათა დემოკრატიული პროცესები აქტიურად გაიხსნას და შედგეს მოლაპარაკება“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 28 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთობლივ შეხვედრაზე დაპატიჟა, რომელზეც საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლაზე მმართველ გუნდშიც საუბრობენ.
„ჩვენ ვთქვით, რომ ვადამდელ არჩევნებს არ აქვს საფუძველი და კონკრეტულად შევთავაზეთ, რომ თუ ვინმე ფიქრობს, მობრძანდით, დაამტკიცეთ და ჩავნიშნავთ, ვერ გააკეთეს და, უფრო მეტიც, საგამოძიებო კომისია შევქმენით, ამაში მონაწილეობაზეც უარს ამბობენ. ჩემი აზრით, ბატონმა მიშელმა რომ ნახა, რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე, ალბათ, შესაბამისად, თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
კრისტიან დანიელსონი ამჟამად შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია. ის საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა.
ანა ალელიშვილი