ვენესუელის მთავრობა მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს და უსაფრთხოების ძალებს დედაქალაქ კარაკასის დასაცავად განალაგებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც აშშ-მა ვენესუელის წყლებში სამი გამანადგურებლის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.
ასეთი ზომები უკავშირდება დონალდ ტრამპის ძალისხმევას, ებრძოლოს ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების საფრთხეებს.
გუშინ პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ბრძანება გასცა, რომ დედაქალაქში პატრულირება უნდა დაიწყონ შეიარაღებულმა დანაყოფებმა, რომელთა შემადგენლობაში შედიან სამართალდამცველები, სამხედროები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მადურომ თავი აარიდა აშშ-ის საზღვაო ძალების განლაგებაზე პირდაპირ საუბარს, თუმცა მიმართა ბიბლიურ მეტაფორებს დავითისა და გოლიათის შესახებ და თქვა, რომ „დღეს ვენესუელას უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, აქვს თავდაცვის საშუალებები.”
„იმპერია კვლავ შეიშალა და განაახლა მუქარები ვენესუელის მშვიდობისა და სიმშვიდის წინააღმდეგ. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ყველა ფრონტზე ერთდროულად და მოვემზადოთ იმისთვის, რომ ნებისმიერ გარემოებაში მოვიპოვოთ სუვერენიტეტი და მშვიდობა”,-განაცახადა მადურომ.
ბოლო პერიოდში, ვითარება აშშ-სა და ვენესუელას შორის კიდევ უფრო დაიძაბა. პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ ისაუბრა აშშ-ს სამხედრო ძალის გამოყენებაზე კარტელების წინააღმდეგ, რომლებსაც ამერიკულ საზოგადოებებში ფენტანილისა და სხვა ნარკოტიკების გავრცელებასა, ასევე ზოგიერთ ამერიკულ ქალაქში ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.