მთავარისაქართველოგაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025 წლის 18 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

ევროპელი წევრების სახელით, სლოვენიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ონდინა ბლოკარ დრობიჩმა ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი კვლავ უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. დრობიჩმა დასძინა, რომ მოსკოვმა გადადგა ნაბიჯი „ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ, მათ შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერით, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგეიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემით და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებით.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრასა და უკანონო სამხედრო აქტივობას, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს წესედებას, ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებს, მათ შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებას,“ – განაცხადა ონდინა ბლოკარ დრობიჩმა.

ონდინა ბლოკარ დრობიჩმა ასევე დაგმო რუსული მხარის პროვოკაციები, საერთაშორისო სამართლის დარღვევების შემთხვევბი, მათ შორის ორი ქართული რეგიონის მილიტარიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებების შემთხვევები, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ქართულ ენაზე განათლების აკრძალვა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება, მავთულხლართების აღმართვა და რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არაავტორიზებული ფრენების, რკინიგზისა და საზღვაო კავშირების დამყარება.

„ჩვენ ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობას. ამ დანაშაულების ჩამდენი პირები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე,“ – განაცხადა ონდინა ბლოკარ დრობიჩმა.

ბრიფინგზე ასევე ილაპარაკა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი პოლიანსკიმაც. მას მიაჩნია, რომ „ზოგირთი სახელმწიფო ცდილობს საქართველო გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების პაიკად“ და ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და ხალხთაშორის კავშირებზე გაამახვილა ყურადღება.

„შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა საქარღველოსთან 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს – ჩვენ ვართ საქართველოსთვის მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა. ასევე, გასულ წელს 1,5 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია საქართველოს. ეს მოწმობს ჩვენი ორივე ერის აბსოლუტურად ნათელ სურვილს, აღადგინონ ორმხრივი კავშირები და ურთიერთობები გაუმჯობესდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვისაც არ აინტერესებს ასეთი სცენარი, ისეთებიც, ვისაც სურს საქართველო უბრალოდ მათი გეოპოლიტიკური ინტერესების პაიკად. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინასთან წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობას საკმარისი სიბრძნე აღმოაჩნდა, რომ ასეთი მავნე სცენარი უარყოს,“ – განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend