უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება „ძალიან რთულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთით რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს.
სამხედრო ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ რუსული ძალები გადაჯგუფდებიან და ორ მთავარ მიმართულებაზე კონცენტრირდებიან.
ერთ-ერთი დონეცკის პოკროვსკია, „რომელიც რუსებისთვის კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – თქვა მან. უკრაინის სამხედრო ძალებმა ადრე შეაფასეს, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიაზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი შეკრიბა.
სირსკის თქმით, რუსებს ასევე გადაჰყავთ დანაყოფები სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ფრონტზე.
„ეს იქნება მეორე მიმართულება, რომლითაც მტერი აქტიური შეტევითი ოპერაციების დაწყებას გეგმავს. მიზანია ჩვენი თავდაცვის გარღვევა და ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეღწევა“.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინ „დროის მოგება არ სურს, მას ტერიტორიის მოგება სურს და ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა სირსკიმ, მიუხედავად იმისა, რომ „ყოველი კილომეტრისა და ყველა პოზიციის დაკავება მოსკოვს სულ უფრო მეტ დაღუპულად და დაჭრილად უჯდება“.