უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია და ის 18 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
შეხვედრა დაიგეგმა მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს, მრავალი წლის შემდეგ, ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების გზების მოსაძებნად ალასკის ქალაქ ანკორიჯში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა.
I have already arrived in Washington, tomorrow I am meeting with President Trump. Tomorrow we are also speaking with European leaders. I am grateful to @POTUS for the invitation. We all share a strong desire to end this war quickly and reliably. And peace must be lasting. Not…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 18, 2025
„უკვე ჩავედი ვაშინგტონში, ხვალ პრეზიდენტ ტრამპს ვხვდები. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის მიერ ჩემი მოწვევისთვის. ყველას გვაერთიანებს ძლიერი სურვილი, ეს ომი სწრაფად და საიმედოდ დასრულდეს. მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა დაეტოვებინა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი, რომელიც პუტინმა უბრალოდ ახალი შეტევისთვის გამოიყენა ან როდესაც უკრაინას 1994 წელს ე.წ. „უსაფრთხოების გარანტები“ მიეცა, მაგრამ ეს ეფექტიანი არ გამოდგა. რა თქმა უნდა, ყირიმი მაშინ არ უნდა დაგვეთმო, როგორც 2022 წელს უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა და ხარკივი. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ახლა ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით იბრძვიან დონეცკისა და სუმის რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ეფექტიანად უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას და რომ ჩვენი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტი ტრამპისა და ჩვენი პარტნიორების, ფასდაუდებელი დახმარებისთვის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალა ამერიკასთან, ევროპელ მეგობრებთან ერთად რუსეთს ნამდვილ მშვიდობას აიძულებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა Facebook-ზე.
განსხვავებით ვლადიმერ პუტინისგან, შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპთან შეხვედრის სასიამოვნო გამოცდილება ვოლოდიმირ ზელენსკის არ ჰქონია.
უკანასკნელი შეხვედრა 2025 წლის თებერვალში პრეზიდენტებს შორის მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. და როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ომის დასრულების პასუხისმგებლობას კვლავ უკრაინას აკისრებს.
„უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთთან ომის დასრულება თითქმის მაშინვე შეეძლება, თუ ამის სურვილი ექნება ან შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ვეღარ განმეორდება ობამას მიერ ყირიმის გადაცემა(12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!) და ვერც უკრაინა შევა NATO-ში. რაღაცები არასდროს იცვლება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა მარტო აღარაა და ვაშინგტონში, მასთან ერთად, ევროპელი ლიდერებიც იქნებიან.
გამგზავრება ოფიციალურად დაადასტურა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა, ჯორჯია მელონიმ და კირ სტარმერმა.
17 აგვისტოს ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტიც ესწრებოდა, ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის მიზნებზე ისაუბრეს.
„ამ შეხვედრის მიზანი, ცხადია, ასევე არის სრულიად ნათელი წარმოდგენის შექმნა იმ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც გვინდა, შემდეგ ნაბიჯებსა და იმაზე, თუ როგორ მოვაწყოთ შემდეგი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, უკრაინასთან, აშშ-თან და ევროპელებთან. შესაძლოა ამ შეხვედრის მესამე პუნქტი, მესამე მიზანი იყოს სტრატეგიის შემუშავება, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ზეწოლა და შევიმუშავოთ შემდგომი ნაბიჯების სტრატეგია, თუ პუტინი სამმხრივ ან ოთხმხრივ შეხვედრას არ დაესწრება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
ევროპელი ლიდერების თქმით, სჯერათ, რომ დონალდ ტრამპს ომის დასრულება სურს, მაგრამ მათი აზრით, პუტინს ეს ნამდვილად არ სურს, რაც მის მიერ ომის დასასრულებლად საჭირო იმგვარი პირობების წამოყენებაში ჩანს, რომლებსაც უკრაინა არ შეასრულებს.
უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხზე დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ისაუბრა და მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი შეთანხმების უზრუნველყოფა უკრაინისთვის აშშ-სა და ევროპას შეეძლება, მაგრამ არა უკრაინის NATO-ში გაწევრების ხარჯზე.
„შეერთებული შტატები პოტენციურად მზადაა უკრაინას მეხუთე მუხლით უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, მაგრამ არა NATO-გან. პირდაპირ შეერთებული შტატებისა და სხვა ევროპული ქვეყნებისგან ეს გარანტია ძალიან დიდი განაცხადია“, – განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა.
უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში თბილისის დროით, 21:00 საათზე მივა. დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკვე ევროპელი ლიდერები შეხვდებიან.