მთავარიამერიკააშშტრამპისა და პუტინის შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარეშე დასრულდა

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარეშე დასრულდა

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული ისტორიული და უჩვეულოდ ხანმოკლე შეხვედრა დასრულდა – თითქმის სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

პრეზიდენტებს დახურულ კარს მიღმა შემდგარი საუბრის დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. მათ არც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს, თუმცა როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ლიდერები არაერთ საკითხზე მორიგდნენ და უკრაინის გადასაწყვეტია, დასთანხმდება თუ არა იმას, რაც მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა პუტინთან ერთად განიხილეს – კერძოდ, რა ტიპის შეთანხმებაზეა საუბარი, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, მაგრამ ფაქტია, რომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ გაჟღერებულა.

თუმცა, ლიდერებმა ბევრი ისაუბრეს ერთმანეთსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე.

მოლაპარაკებების დაწყებამდე დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ავიაბაზაზე წითელი ხალიჩით და ტაშით შეეგება – უჩვეულოდ თბილი დახვედრა აშშ-ის მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ლიდერისთვის. დახვედრის ნაწილი იყო ამერიკული გამანადგურებლები და ბომბდამშენებიც, რომლებმაც პრეზიდენტებს პოდიუმთან მიახლოებისას გადაუფრინეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დახვდა, ალასკა 15 აგვისტო, 2025 წელი Copyright AP Photo/Julia Demaree Nikhinson

ვიდრე ლიდერები უკრაინის საკითხის განხილვას შეუდგებოდნენ, 10 წუთის განმავლობაში პირისპირაც ისაუბრეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი-ერთზე შეხვედრა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროტოკოლის თანახმად, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი უცხოელ კოლეგას ამერიკულ მიწაზე მასპინძლობს, ერთობლივი პრესკონფერენციები შტატების პრეზიდენტის მიმართვით იწყება. სტუმარი კი საუბარს მხოლოდ მისი განცხადების დასრულების შემდეგ იწყებს, მაგრამ ანკორიჯში ასე არ მოხდა. დამსწრე საზოგადოებას პირველმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ტრამპს საუბრის „მეგობრული“ ტონისთვის და თქვა, რომ რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა „ახალი გვერდი უნდა გადაშალონ და თანამშრომლობას დაუბრუნდნენ“.

ხოლო, რაც შეეხება უკრაინაში ომის დასრულებას, ამისთვის რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და მოსკოვის ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებაა საჭირო.

„ჩვენ უკრაინას ყოველთვის მოძმე ერად მივიჩნევდით. ეს არაერთხელ მითქვამს, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ამ ვითარებაში. ჩვენ ერთი ფესვები გვაქვს და ტრაგედიაა ყველაფერი, რაც ხდება – საშინელი ჭრილობა. ამიტომ ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებულნი კონფლიქტის დასრულებით. ამავდროულად, გვჯერა, რომ მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის აღსადგენად საჭიროა კონფლიქტის ყველა ძირითადი გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა. არაერთხელ მითქვამს, რომ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესი და აღვადგინოთ უსაფრთხოების სამართლიანი ბალანსი ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ბუნებრივია, უკრაინის უსაფრთხოებაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ, ამაზე ვიმუშაოთ.

მოველით, რომ კიევი და ევროპის დედაქალაქები ამ ყველაფერს კონსტრუქციულად აღიქვამენ და არ შექმნიან არანაირ დაბრკოლებას, არ შეეცდებიან პროვოკაციებითა და ფარდის მიღმა ინტრიგებით ხელი შეუშალონ მიმდინარე პროგრესს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს საუბრობს, ალასკა, 15 აგვისტო, 2025 წელი Copyright AP Photo/Julia Demaree Nikhinson

ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა ამერიკის პრეზიდენტის მიერ მრავალჯერ ნათქვამიც. როგორც მან აღნიშნა, 2022 წელს ბაიდენის ნაცვლად თეთრ სახლში ტრამპი რომ მჯდარიყო, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა.

„2022 წელს, წინა ადმინისტრაციასთან ბოლო კონტაქტის დროს, ვცდილობდი ჩემი ყოფილი ამერიკელი კოლეგა დამერწმუნებინა, რომ საომარი მოქმედებების დაწყება შეუქცევად პროცესად არ უნდა ქცეულიყო. მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ ეს დიდი შეცდომაა. დღეს, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში ომი არ იქნებოდა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს, მართლაც, ასეა. ამის დადასტურება შემიძლია. ვფიქრობ, საერთო ჯამში, მე და პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგი, საქმიანი და სანდო კონტაქტი დავამყარეთ და ყველა საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ გზით, რაც მალე, მით უკეთესი, შეგვიძლია უკრაინაში კონფლიქტის დასრულებამდე მივიდეთ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

საკუთარი სიტყვისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ვლადიმერ პუტინთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ ეს ურთიერთობა შეაფერხა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ამერიკის პრეზიდენტმა სამიტისადმი არაერთგვაროვანი მოლოდინი გააჩინა. თავდაპირველად, მან ის თითქოს „სატესტო” შეხვედრად წარმოაჩინა, მოგვიანებით კი მოსკოვს მძიმე სანქციებით დაემუქრა ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის შემთხვევაში.

უფრო ადრე, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, იგი პირობას დებდა, რომ უკრაინაში ომს მეორე ვადის დაწყებიდან პირველ 24 საათშივე დაასრულებდა. ალასკას ქალაქ ანკორიჯში პუტინთან პირისპირ საუბრის შესაძლებლობამ კი მას ამ დრომდე საუკეთესო შანსი მისცა საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა.

ამისდა მიუხედავად, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, მან და რუსეთის პრეზიდენტმა ორმხრივ შეხვედრაზე „დიდ პროგრესი” იხილეს და მათ ძალიან კარგი შანსი აქვთ, რომ საბოლოო მიზანს მიაღწიონ.

„ძალიან საფუძვლიანი და ჩემი აზრით, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება. ცოტა ხანში, ნატოს წარმომადგენლებს დავურეკავ. სხვადასხვა ხალხს დავურეკავ, ვინც მგონია, რომ სათანადოა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და დღევანდელ შეხვედრაზე მოვუყვები. საბოლოო ჯამში, ეს მათზეა დამოკიდებული დასთანხმდებიან თუ არა იმას, რაც მარკო რუბიომ და სტივ უიტკოფმა მოიფიქრეს… ძალიან ველით შეთანხმებას. მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ძალიან კარგი შანსი გვაქვს მიღწევის”, – განმარტა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ავიაბაზაზე, მარჯვნივ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ, 15 აგვისტო, 2025 წელი Copyright AP Photo/Julia Demaree NIkhinson

ორივე ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილზე ადრე დატოვეს. საერთო ჯამში, ტრამპმა სამიტი, რომლის ზუსტი დეტალები არ გასაჯაროებულა, 10-დან 10 ქულაზე შეაფასა.

ჯერჯერობით უცნობია, მოლაპარაკებებზე გამოიკვეთა თუ არა კონკრეტული გზა უკრაინაში რუსული აგრესიის დასასრულებლად, რომელიც უკვე სამწელიწად-ნახევარზე მეტია, გრძელდება.

თუმცა, არსებობს მეორე შეხვედრის ნიშნები. როდესაც ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დასრულების დროს პუტინს უთხრა, რომ, სავარაუდოდ, მას მალე კვლავ შეხვდებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა მას ინგლისურად უპასუხა: „შემდეგ ჯერზე მოსკოვში”.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩანს, რომ ვაშინგტონიც და მოსკოვიც შეხვედრას საკუთარ წარმატებად წარმოაჩენს, თუმცა კიევისთვის, ჯერჯერობით ომის მომავლის ბედი კვლავ ბუნდოვანი რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend