არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს. ბიურო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავება და ითხოვს განმარტებას, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ამერიკული FARA-ს სტანდარტით ამ რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება მათ არ აქვთ.
„მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილებისა და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა.
ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხისა და საქართველოს ინტერესებს.
ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც თითქოს ეს კანონია, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით” , – ნათქვამია 6 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
საერთო განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „საფარი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „მედიის განვითარების ფონდი“, ISFED, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.