15 აგვისტოს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, რიჩარდსონის ავიაბაზაზე ერთმანეთს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეხვდებიან.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის 2021 წლის 16 ივნისის შემდეგ ეს პირველი შეხვედრა იქნება. ლიდერები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების გზებზე იმსჯელებენ.
დონალდ ტრამპის თქმით, „შეხვედრა ძალიან კარგი იქნება“, თუმცა მიიჩნევს, რომ უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან უნდა შედგეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ მეორე შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტის გარდა, ევროპელი ლიდერებიც მიიწვიოს.
„პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა მაქვს. ვფიქრობ, პროდუქტიული იქნება, მაგრამ მეორე შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, შევხვდები პრეზიდენტ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის და, შეიძლება, ევროპელი ლიდერებიც მოვიწვიოთ, შეიძლება – არც. არ ვიცი, ეს მნიშვნელოვანი იქნება თუ არა. ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, პუტინი და ზელენსკი მშვიდობას აირჩევენ. ვნახოთ, შეთანხმებას მოახერხებენ თუ ვერა. თუ შეძლებენ, შესანიშნავი იქნება. იცით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ექვსი ომი დავასრულე, ექვს თვეზე ოდნავ მეტ დროში. ძალიან ვამაყობ ამით. ყველაზე მარტივი ეს მეგონა, მაგრამ ყველაზე რთული აღმოჩნდა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აშშ-ში პუტინის ჩასვლა მისი გამარჯვებაა და ძირს უთხრის საერთაშორისო ძალისხმევას, რუსეთი იზოლაციაში მოაქციონ. თუმცა დონალდ ტრამპი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ პუტინი „მასთან არ იხუმრებს“.
„პუტინი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, მაგრამ CNN-ის ყალბ ამბებს ვუსმენდი, ეს პუტინის გამარჯვებად შეაფასეს. ჩვეულებრივ, საპირისპიროს იტყოდით, მაგრამ მათ თქვეს, რომ ეს მისი დიდი გამარჯვებაა, აქ რომ ჩამოვიდა. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს. ჩემი აზრით, პრეზიდენტი რომ არ ვიყო, მთელ უკრაინას დაიკავებდა. ესაა ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებას მოინდომებდა. თუმცა პრეზიდენტი მე ვარ და ის ჩემთან ხუმრობას არ აპირებს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს, თბილისის დროით, 23:30 საათზე შეხვდებიან.