მასშტაბური ხანძრის შედეგად, ევროპაში 3 ადამიანი გარდაიცვალა. ათასობით ადამიანს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. ხანძრები მძვინვარებს ესპანეთში, პორტუგალიაში, ალბანეთში, საბერძნეთსა და თურქეთში.
პირენეს ნახევარკუნძულზე მასშტაბურ ხანძრებს უკვე მეოთხე დღეა, ებრძვიან. ესპანეთში მთავრობამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ცეცხლი ათას ჰექტარზე მეტ ფართობს მოედო. ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, მაკედას მუნიციპალიტეტში, ცეცხლი საცხოვრებელ ტერიტორიას მიუახლოვდა. პოლიციამ საავტომობილო გზები ჩაკეტა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონში მეხანძრეების ძალისხმევის შედეგად ხანძრის კონტროლი შესაძლებელია. ქალაქ ოურენსში ცეცხლის ჩაქრობაში მეხანძრეებს მოსახლეობა ეხმარება. ადგილობრივები ცეცხლის შეჩერებას საკუთარი რესურსებით ცდილობენ. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდიდან 21-ის კილომეტრის დაშორებით ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო ერთი მოხალისე მეხანძრე.
ძლიერი ხანძარი მძვინვარებს პორტუგალიაშიც. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონიდან 350 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ტრანკოსოში ცეცხლის ჩაქრობას 700-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ჯამში, პორტუგალიის მასშტაბით, ხანძარს სამი ათასი მეხანძრე ებრძვის. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
„დილის ექვსი საათიდან არ გავჩერებულვარ. ცოტა ვჭამე, ყავა დავლიე და სხვა არაფერი. ღამით არავის სძინავს. ყველაფერი თავიდან იწყება. დილით ჩემი ძმის სახლის გვერდით მაშველებს ხანძრის ჩაქრობაში დავეხმარეთ. ახლა კი ისევ გაჩნდა. იქ სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ყველაფერი ისევ თავიდან იწყება“, – ამბობს ადგილობრივი ჟაიმი დიაში, რომელიც ცეცხლის ჩაქრობაში მეხანძრეებს ეხმარება.

საბერძნეთში კი ცეცხლი საპორტო ქალაქ პატრას გაუჩნდა. საბერძნეთის სიდიდით მესამე ქალაქის შემოგარენში ცეცხლი ზეთისხილის ბაღებსა და ფიჭვნარს მოედო. პატრას ზოგიერთ უბანში, უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივმა ფერმერებმა კი თავიანთი მიწებიდან შინაური ცხოველები გამოიყვანეს. საბერძნეთმა დახმარება გაუგზავნა მეზობელ ალბანეთს, სადაც ხანძრის შედეგად დედაქალაქ ტირანაში 80 წლის მამაკაცი დაიღუპა.
ევროპის მასშტაბით ხანძრები რამდენიმეკვირიანი სიცხის შედეგად გაჩნდა. ევროკავშირის დახმარების მიუხედავად, ცეცხლის შეკავება და ჩაქრობა ჭირს. მეცნიერების ინფორმაციით, ხანძრის რისკს კლიმატის ცვლილება ზრდის. რეკორდულად ცხელი ზაფხულისა და სიმშრალის ფონზე ტყის ხანძრები უფრო მარტივად ჩნდება და ვრცელდება.