მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი ომის შეწყვეტას არ დასთანხმდება, ამას „ძალიან...

დონალდ ტრამპის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი ომის შეწყვეტას არ დასთანხმდება, ამას „ძალიან მძიმე შედეგები“ მოჰყვება

სულ რაღაც ერთი დღე რჩება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს, შორის შეხვედრამდე, რომელიც ალასკის ქალაქ ანკორიჯში, რიჩარდსონის ავიაბაზაზე შედგება.

ამ მნიშვნელოვან შეხვედრამდე დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი, რომელიც მან ათიდან ათ ქულაზე შეაფასა.

მსოფლიოს ყურადღება ახლა სწორედ ალასკისკენაა მიმართული. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მალევე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად სამმხრივი სამიტიც დაიგეგმება. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხვალინდელ შეხვედრაზე პუტინისგან სასურველი პასუხების მოსმენას შეძლებს.

„ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. პრეზიდენტი ზელენსკიც ჩართული იყო. საუბარს ათი ქულით შევაფასებდი, ძალიან მეგობრულად. ლიდერებს ვიცნობ, რადგან როგორც იცით, ნატოს სამიტზე ვიყავი. ბიუჯეტი 2%-იდან 5%-მდე ავიყვანე, 2%, რომელსაც არ იხდიდნენ, გავზარდე 5%-მდე, რაც თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ტრილიონობით დოლარს უზრუნველყოფს.

ახლა პრეზიდენტ პუტინს შევხვდები და შემდეგ ევროპელ ლიდერებსა და პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ, ჯერ პრეზიდენტ ზელენსკის. დიდი შანსია, რომ გვექნება მეორე შეხვედრაც, რომელიც პირველზე უფრო პროდუქტიული იქნება, რადგან პირველ შეხვედრაზე პუტინთან გავარკვევ, სად ვართ და რის გაკეთებას ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ბაიდენის ომია. ეს ჩემი ომი არ არის. ამ საქმეში მან ჩაგვითრია და ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ესაა ის, რაც არის და მე აქ ვარ მის გამოსასწორებლად და შესაჩერებლად.

გასულ კვირას 7213 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ჯარისკაცები. ქალაქებისთვის რაკეტების სროლაც ვითარებას არ აუმჯობესებს. ეს ჯარისკაცები ამერიკელები არ არიან, მაგრამ თუ ბევრი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ, შესანიშნავი იქნება. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ხუთი ომი შევაჩერე და, ამასთანავე, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. სხვათა შორის, ეს სწორი შეფასება აღმოჩნდა, რადგან მანამდე ზოგიერთი პრესა ამბობდა, რომ ეს პოტენციალი შეიძლება არ განადგურებულიყო. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ პუტინთან პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მეორე შეხვედრა სწრაფად დაიგეგმება.

მსურს, ეს დაუყოვნებლივ მოხდეს და თუ პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის სურვილი ექნებათ, მეც მივიღო მონაწილეობა,  აუცილებლად დავესწრები. მეორე შეხვედრას შედეგი აუცილებლად მოჰყვება. პირველი კი უბრალოდ მისთვის მზადება იქნება. თუმცა თუ მე ჩავთვლი, რომ მისი ჩატარება არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ვერ მივიღე საჭირო პასუხები, მაშინ მეორე შეხვედრა არ შედგება“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოჰყვება თუ არა შედეგები, თუ პუტინი ომის შეწყვეტას არ დასთანხმდება, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შედეგები იქნება და ის იქნება „ძალიან მძიმე“.

„თუ ვლადიმერ პუტინი პარასკევს, თქვენთან შეხვედრის შემდეგ არ დასთანხმდება ომის შეწყვეტას, ამას შედეგები მოჰყვება?“  – ჰკითხა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს.

„დიახ, მოჰყვება. ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები უკანასკნელად 2021 წლის 16 ივნისს ჟენევაში შეხვდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend