ამერიკა-რუსეთის ისტორიული სამიტის მოახლოების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში ჩავიდა.
ზელენსკიმ კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ვირტუალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მათ პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი განიხილეს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალასკაზე პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, ევროპელები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეძლონ „ხელი შეუწყონ დღის წესრიგის განსაზღვრას“ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ახლა უკრაინისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. პარასკევს ის ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას აპირებს. ანკორიჯში შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ, ევროპელები, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ შეხვედრისთვის სწორად მომზადება შევძლოთ; ჩვენ გვსურს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს ანკორიჯში წარმატებული იყოს.
ალასკაში ევროპისა და უკრაინის ფუნდამენტური უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული. ეს იყო გზავნილი, რომელიც ჩვენ, როგორც ევროპელებმა, დღეს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს გადავეცით და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვეთანხმებით როგორც არსებული სიტუაციის შეფასებას, ასევე მომავალი პარასკევისთვის დასახულ მიზანს”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მალე მიღწევის და უსაფრთხოების გარანტიების მიღების აუცილებლობას. მისივე თქმით, უნდა დაიწყოს მზადება სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებისთვისაც.
„უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინასთან უნდა განიხილებოდეს. უნდა მოვემზადოთ სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის. პირველ რიგში, უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და უნდა მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები. ეს გარანტიები კი უნდა გაძლიერდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ალასკაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება.
შევთანხმდით იმაზეც, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს გამოყენების უფლება უკრაინის უსაფრთხოებაზე და რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა იყოს შერწყმული რუსეთზე შესაბამის ზეწოლასთან. სანქციები ძალაში უნდა დარჩეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართული კონფერენციის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
მისი თქმით, ლიდერები გაერთიანებულნი არიან უკრაინის წინააღმდეგ საშინელი ომის დასრულების და სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.
„ვაფასებთ დონალდ ტრამპის ლიდერობას და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას. ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა“, – წერს მარკ რუტე პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ზარის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც.
„ტრამპთან, ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. გავცვალეთ აზრები მომავალ ორმხრივ შეხვედრაზე ალასკაში. დღეს ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უკრაინისთვის საერთო პოზიციები გააძლიერეს. დავრჩებით მჭიდრო კოორდინაციაში. ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა – სამართლიანი და მყარი მშვიდობა”, – წერს ფონ დერ ლაიენი.