თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე გაირკვა, რომ ამ საქმეში ბრალდებული არცერთი პირი სასამართლოში არ დაიკითხება. ამის შესახებ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ბრალდებულთა ადვოკატებმა განუცხადეს. ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ.
ამასთან, დღევანდელ, 12 აგვისტოს, სხდომაზე პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა მოითხოვა. ბრალდებულთა ადვოკატთაგან მხოლოდ რევაზ კიკნაძის უფლებადამცველმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა ითხოვა დრო, რათა ორი მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით პოზიცია შეათანხმოს თავად ბრალდებულთან, რომელიც სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია. ამის შემდეგ, საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავა – განაჩენის გამოცხადებამდე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან. შემდეგ კი, სასამართლო ბრალდებულთა საბოლოო სიტყვასაც მოისმენს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომაზე პროკურორებს უთხრა, რომ მომდევნო პროცესისთვის დასკვნითი სიტყვის სათქმელად მზად იყვნენ.
ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.