უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალასკაში, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პარასკევს, 15 აგვისტოს, დაგეგმილ სამიტის დაესწროს.
უკრაინის პრეზიდენტი სამიტის ოფიციალურ მონაწილეებს შორის არ დასახელებულა, თუმცა, თეთრი სახლი არ გამორიცხავს ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ შეხვედრას დაესწროს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალება CNN ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპი ორივე ლიდერთან შესაძლო სამმხრივ შეხვედრას მიესალმება.
აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, სამმხრივი შეხვედრა შედგეს.
„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ არსებული ჩიხიდან გამოვიდეთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ის, რომ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების მაგიდაზე არასდროს დაჯდებოდა. ახლა ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, სადაც ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ როდის შეძლებს ეს სამი ლიდერი ერთად დაჯდეს და ამ კონფლიქტის დასრულება განიხილოს“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე ვერ შედგება. მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინა მიწების დათმობას არ აპირებს.
„უკრაინის სამშვიდობო გზა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინასთან ერთად უნდა იყოს განსაზღვრული. ეს ფუნდამენტურია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი მიდგომები და საერთო ხედვა ნამდვილი მშვიდობისკენ იყოს მიზანმიმართული. საერთო შეთანხმებული პოზიცია ცეცხლის შეწყვეტას, ოკუპაციის დასრულებას, ომის დასრულება გულისხმობს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენ გვერდითაა, ვინც უკრაინის გვერდითაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელი ლიდერების საერთო განცხადებას მიესალმა, რომელიც მათ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის, დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე გაავრცელეს. ევროპელი ლიდერების განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისა და ევროპის ინტერესების სრული დაცვით უნდა მოხდეს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ტერიტორიული საკითხები რუსეთმა და ამერიკამ ევროპელების ან უკრაინელების გარეშე განიხილონ, ან გადაწყვიტონ. ვვარაუდობ, რომ ამერიკის მთავრობაც ასე ფიქრობს. ასეთი მჭიდრო კოორდინაცია სწორედ ამიტომ გვაქვს. ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ჩვენ ამას ბერლინშიც გავაგრძელებთ. შემდეგ კი ვიმედოვნებთ, რომ პარასკევს მიიღწევა გარღვევა, რომ ცეცხლი საბოლოოდ შეწყდება და სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგება. ეს ომი უკვე სამ-ნახევარი წელია გრძელდება და ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დროა, ის დასრულდეს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ევროპელი ლიდერების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში უნდა წარიმართოს და დიპლომატიურმა გადაწყვეტილებამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები.