მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე: „ომი ცხინვალში სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“

ირაკლი კობახიძე: „ომი ცხინვალში სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა. ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებაში მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება დაადანაშაულა, რომელსაც „სააკაშვილის რეჟიმი“ უწოდა.

მისი თქმით, ეს იყო „ავანტიურა“, ხოლო მაშინდელი ხელისუფლება ე.წ. „დიფ სთეითის“ „დავალებით მოქმედებდა“.

„ბუნებრივია, ტრაგიკული რამ მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი ცხინვალში. რით გაგრძელდა ეს ყველაფერი – 400-ზე მეტი დაღუპული, ოკუპირებული ტერიტორიები, ე.წ. აღიარება. შემდეგ სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის არადემოკრატიულმა, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი. სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო – ცხინვალის დაბომბვით…

8 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში, სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ გადასულები შეტევაზე, რომ კონსტიტუციური წყობილებისა და წესრიგის აღდგენას აპირებდნენ.

ვიდრე მედვედევმა არ გააკეთა განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ საკუთარი შეტევითი მოქმედებებით ცხინვალის დაბრუნებას აპირებდა…“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის „შარშან იმყოფებოდა“ საოკუპაციო ხაზთან, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ თემის „აფიშირება არ იყო საჭირო“ – „ყველაფერს პიარისთვის არ ვაკეთებთ“ –  დასძინა კობახიძემ.

„ღალატი“ უწოდა 2008 წლის აგვისტოს ომს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ:

„საიდან მოვიდა თარიღი 7 აგვისტო? რეზოლუციას, რომელსაც ქართული მხარე, სამწუხაროდ, ქართველებს რომ წარმოადგენდნენ, აწერს ხელს, იქ წერია, რომ 8 აგვისტოს გადმოკვეთა რუსულმა რეგულარულმა ჯარებმა საზღვარი. სააკაშვილის ბრძანებულებაში წერია, პარლამენტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრნენ ჯარები. ორი ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, მოწმეებით რა ვიმსჯელოთ? მოღალატეებმა, ხელი მოაწერეს და მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც წერია, რომ 7 აგვისტოს ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით, ესკალაცია ახალ სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების ფაზაზე გადავიდა… ეს იყო ღალატი, პოლიტიკოსები ბოლო რამდენიმე წელია ამართლებენ ამას 7 აგვისტოს თარიღის შემოტანით…“

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend