საქართველოში, წელს მეთორმეტედ ჩატარდა საერთაშორისო სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025).
სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა კრის მარშალმა.
დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები. მათ მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შემდეგ კი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
„მტკიცე სული 2025“-ს ერთობლივად ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია.
Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ასევე, ჩართული იყო 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი.
წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
ბრიგადის გენერალმა კრის მარშალმა კი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა განაცხადა:
„მოგმართავთ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და პირადად ჩემი სახელით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სწავლების „მტკიცე სული 2025“-ის დახურვის ცერემონიალზე. სწავლება „მტკიცე სული 2025“ თანამშრომლობის, ურთიერთთავსებადობისა და საერთო ვალდებულებების შესანიშნავი მკაფიო დემონსტრირებაა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და ერთობის შესანიშნავი მაგალითი.
ამ სწავლებამ თავი მოუყარა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს, რომლებსაც ურთიერთპატივისცემა და საერთო მიზანი აკავშირებთ. მინდა, ჩვენი გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველა მონაწილე ქვეყნისა და სამხედრო ქვედანაყოფის მიმართ, ძალისხმევისა და კონტრიბუციისთვის, რამაც სწავლების წარმატება განსაზღვრა. ამ წვრთნის წარმატება იმის დასტურია, თუ რის მიღწევა შეგვიძლია, როდესაც ერთობლივ წვრთნებს გავდივართ, ერთმანეთს ვენდობით და საერთო მიზნით ვმოქმედებთ.
იმედი მაქვს, მტკიცე სული 2025-ის დროს ჩამოყალიბებული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და მდგრადი უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საფუძველი გახდება. გმადლობთ თქვენი მონაწილეობის, პროფესიონალიზმისა და მტკიცე ერთგულებისთვის. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!“, -განაცხადა გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ – საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ.
„ჩემთვის პატივია თქვენს წინაშე დღეს, „მტკიცე სული 2025“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს და ყველა მონაწილე მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს მათი პროფესიონალიზმისთვის, პარტნიორობისა და ერთგულებისთვის. 2011 წლიდან მოყოლებული სწავლება „მტკიცე სული“ მცირე მასშტაბიანი, ორმხრივი სწავლებიდან დინამიკურ მრავალეროვნულ სწავლებაში გადაიზარდა, რაც რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს. ეს სწავლება მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ ერთად ვართ, ქმედუნარიანები ვართ და მზად ვართ. ეს სწავლება დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენი სიძლიერე არა მხოლოდ ციფრებში, არამედ ერთად მიღწეული ურთიერთთავსებადობით გამოიხატება.”