მთავარისაქართველოპოლონეთი ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას განიხილავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის

პოლონეთი ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას განიხილავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის

პოლონეთი რამდენიმე ქვეყანასთან სავიზო შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის არის საქართველო, სომხეთი, კოლუმბია და ვენესუელა. ამის შესახებ პოლონურ მედიასთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ისაუბრა.

შესაძლო შეზღუდვა რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებული პირებისა თუ პოლონეთის ტერიტორიაზე მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფების პრობლემითაა ნაკარნახევი. ვარშავა რამდენიმე ფაქტით ხელმძღვანელობს, მათ შორისაა, მაგალითად, რუსეთის მიერ რეკრუტირებული კოლუმბიის მოქალაქის მხრიდან ჩადენილი დივერსიული აქტი, კერძოდ, პოლონეთში განზრახ გაჩენილი ხანძარი. ტუსკი თვლის, რომ ამ კონტექსტში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეები პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მეტ საფრთხეს წარმოადგენენ. საქართველოს შემთხვევაში ვარშავის პრეტენზიები პოლონეთში მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფებს ეხებათ.

„ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან ვაწყდებით, რადგან ისინი რუსული სადაზვერვო სამსახურების მხრიდან რეკრუტირებას მეტად განიცდიან.

კოლუმბიის მოქალაქეების შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადად სამხრეთ ამერიკის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ისინი ჩადიან ესპანეთში ტურისტული ვიზით და როდესაც ევროპაში ხვდებიან, ხვდებიან შენგენის ზონაშიც, მათ შორის პოლონეთში და ეს საერთო ევროპული პრობლემაა.

რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში პრობლემა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს ეხება. ვიცი, რომ ეს ქართველების ეროვნული მახასიათებელი არ არის, ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ასე მოხდა, რომ დღეს გარკვეული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ. რამდენიმე მათგანი უკვე გავაძევეთ ქვეყნიდან. ყველას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ან დააკავებენ, ან მათი დეპორტაცია მოხდება”, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა TVN24-თან ინტერვიუში.

დონალდ ტუსკის მიერ დასახელებული ქვეყნებიდან შენგენის ზონაში, მათ შორის პოლონეთში, 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებს აქვთ. ამ მხრივ სომხეთი გამონაკლისია, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ. საკითხზე ერევანი ბრიუსელთან კომპლექსურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend